ცაგერში „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ცაგერი

ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის — „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, კულტურის ცენტრის დარბაზში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა და მოწვეულმა ექიმებმა — წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა რუსუდან ხუგაშვილმა და ონკოლოგმა დიანა ჟამერაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ძუძუს კიბოს პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და რეგულარული სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მონაწილეებს ასევე საინფორმაციო ბროშურები დაურიგდათ. 20 ოქტომბერს ცაგერის მუნიციპალიტეტში უფასო სკრინინგის აქცია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი კვლევები უფასოდ ჩაიტარონ. ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა მკურნალობის ეფექტიანობის გაზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება, რეგულარული სამედიცინო შემოწმება და სკრინინგის პროგრამებში მონაწილეობა ქალთა ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.        

✕