არ შეიძლება, პარტიად იწოდებოდეს გაერთიანება, რომელიც თავის ქვეყანას ინტენსიურად უტევს, რათა ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოვიდეს - გია ვოლსკი

გია ვოლსკი

არ შეიძლება, პარტიად იწოდებოდეს გაერთიანება, რომელიც თავის ქვეყანას ინტენსიურად უტევს, რათა ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოვიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „ისინი წლების განმავლობაში ერთი და იმავე სცენარით და დაფინანსების წყაროთი მოქმედებენ, რასაც უკვე აღარც მალავენ“.

„რასაკვირველია, ეს არანაირ პოლიტიკურ ბრძოლას არ ითვალისწინებს, მით უმეტეს, დემოკრატიის არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. ამავე დროს, უნდა დასაბუთდეს, რომ ეს ქმედებები სწორედაც სცდება პოლიტიკური დისკუსიის, დაპირისპირების ჩარჩოებს და გაცილებით მწვავე ფორმატში გადადის, რომელსაც ნამდვილად არ ჰქვია პოლიტიკური კონკურენცია.

ეს გეგმა მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებელი დაეცეს, რათა საბოტაჟის პროცესები განვითარდეს, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვიოს და დაპირისპირება, სისხლისღვრა მოსდევდეს. ეს აქვთ გამოცხადებული თავიანთ პროგრამაში. რასაკვირველია, ეს პოლიტიკური პარტია არ არის. ამასთან დაკავშირებით თავისთავად მაღალპროფესიონალური შეფასებები უნდა იყოს და საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ის ადგილია, სადაც ეს საკითხი უნდა შეფასდეს. რასაკვირველია, თუ ეს გადაწყვეტილება მიიღება, არ შეიძლება, რომ ადამიანები სხვა სახელით და იმავე დღის წესრიგით შემოვიდნენ, რათა ქვეყნის წინააღმდეგ საკუთარი მიზნები განახორციელონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.