აბსურდია ბრალდებები, რომ „ქართულ ოცნებას“ მხილების შეეშინდა და სოსო გოგაშვილი დააკავა - არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აბსურდია „ქართული ოცნების" მიმართ ბრალდებები, რომ მხილების შეეშინდათ და სოსო გოგაშვილის დაკავება ამას უკავშირდება. 

მისი თქმით, გამოძიება და სასამართლო ობიექტურად დაადგენს ყველაფერს.

„ეს არის მართლმსაჯულების სისტემის საკითხი. სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები და სამსახური უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული ნებისმიერი მანიპულაციისგან და მე დარწმუნებული ვარ, გამოძიება და სასამართლო ობიექტურად შეაფასებს თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ მოვისმინეთ საგამოძიებო სამსახურის ოფიციალური განმარტებები, სადაც საუბარია 3 მუხლზე, შესაბამისად, ამ სამი მუხლით წარდგენილი ბრალდებებია მიმდინარე გამოძიების საფუძველი,"- განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვაზე, რას უპასუხებს ოპოზიციის ბრალდებებს, რომ მმართველ გუნდს მხილების შეეშინდა და გოგაშვილი ამიტომ დააკავა, თალაკვაძე პასუხობს, რომ ეს "აბსურდია".