გამოცდილება მაქვს, ვიცე პოლკოვნიკი ვარ უსაფრთხოების და ვიცი, რასაც მიკეთებენ - ხელზე მახებენ იარაღს, რომელი იარაღიც შემდეგ უნდა ჩადონ - გოგაშვილი სასამართლოზე

გოგაშვილ

სოსო გოგაშვილმა სასამართლო პროცესზე მისი დაკავების სპეცოპერაციის დეტალები აღწერა.

როგორც გოგაშვილმა დღეს, სასამართლო პროცესზე განაცხადა, იქამდე, ვიდრე იარაღს სახლში ჩადებდნენ, „ხელზე შეახეს“.

„ღამის ორ საათზე, ჩვენს სახლში მოხდა შემოჭრა. ეს არ მომხდარა წესების დაცვით, ან გაფრთხილებით. მე მათ განვუმარტე, რომ მცირეწლოვანი ბავშვები მყავდა - 4 წლის შვილიშვილი და 10 წლის შვილი. ვუთხარი, უკან ოთახში გავიყვან და გაგიღებთ კარს-თქო. მათ გააგრძელეს კარების შემონგრევა... იქ არის ორი კარი, პირველი დონის და მეორე დონის. მეორე დონის კარები გავუღე და კიბეებზე უნდა ამოსულიყვნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები. ამ დროს, ეს კარები ფეთქდება, ესენი შემოდიან, მე კარებს ვაღებ და ვეუბნები, არ შემოანგრიონ.

ჩვენ მიწაზე ვართ გართხმული, ამ დროს ხელები მაქვს ამობრუნებული და ვგრძნობ რკინის შეხებას. გამოცდილება მაქვს, ვიცე-პოლკოვნიკი ვარ უსაფრთხოების, ვიცი რასაც აკეთებენ, ხელზე მახებენ იარაღს, რომელიც შემდეგ უნდა ჩადონ. თვიდან ვერ მივხვდი, რა იარაღი იყო, ვერ დავინახე. როდესაც ვიგრძენი რასაც აკეთებდნენ, ვეცადე ხელები გამეთავისუფლებინა. ამ დროს გვერდით გავიხედე და ვინც ამას აკეთებდა ვიცანი - ეს იყო გენინსპექციის დირექტორის მოადგილე, გიორგი ღამბაშიძე. ბიჭო რას აკეთებ: „იქ ხომ არ გაქვს-თქო“, დავუძახე. ამის შემდეგ, მან მთელი ძალით ამომარტყა ყბაში წიხლი, შემდეგ დედის მისამართით შევაგინე. როგორც კი შევაგინე, გიორგი ღამბაშიძეს ხელში ეჭირა ლულით პატარა იარაღი, მარცხენა მხარეზე ვინც იარაღს მისვამდა, ის დიდი ავტომატი იყო. ამას რომ შევაგინე, იმან ფერდში მომარტყა“, - განაცხადა გოგაშვილმა პროცესზე, რომელზეც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

სოსო გოგაშვილს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის-ფაქტებზე წარუდგინეს.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია, პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს.