„აბსოლუტურად განსხვავებული ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა მთავრობაში... “ - ანალიტიკოსი ღარიბაშვილის 1-წლიან მოღვაწეობას აფასებს

სალუქვაძე

„აბსოლუტურად განსხვავებული ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა მთავრობაში... “ - ელექტროენერგიის სუბსიდირება, ფარმაცევტული ბაზრის რეგულირება, ოლიმპიელების წახალისება და მისი როლი საერთაშორისო ასპარეზზე - ანალიტიკოსი ღარიბაშვილის 1 წლიან მოღვაწეობას აფასებს

გასულ წელს გიორგი გახარიას მიერ მოულოდნელად თანამდებობის დატოვების შემდეგ, ქვეყნის მართვის სადავეები ხელმეორედ მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაიბარა.

ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის ჩაბარება სწორედ იმ პერიოდში მოუწია, როცა ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო, ქვეყანაში პანდემიური სიტუაცია დღითიდღე მწვავდებოდა და წინ არაერთი სირთულე იყო...

გაპრემიერებიდან 1 წლის თავზე ღარიბაშვილის მიერ მიღწეულ წარმეტებებსა და დაძლეულ სირთულეებს ანალიტიკოსები და პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტები აფასებენ.

პანდემიის მწვავე მიმდინარეობის ფონზე კოვივაქცინების შემოტანა, კრიზისულ მომენტში მთავრობის გადაბარება, მისი როლი საერთაშორისო ასპარეზზე, წარმატებით დასრულებული მედიაცია, ფარმაცევტული ბაზრის რეგულირება და ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ოლიმპიური ჩემიპონების დაჯილდოება, სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ ანალიტიკოსს ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.

- ბატონო ამირან, ირაკლი ღარიბაშვილს გასულ წელს რთულ და სპონტანურ ვითარებაში მოუწია მთავრობის სადავეების აღება. სიტუაცია მყიფე იყო... პოლიტიკური კრიზისის გარდა, პანდემიის ფონზე გაუარესებული ვითარება და გაჩერებული ეკონომიკა დახვდა... ამ პროცესებს და ღარიბაშვილის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს როგორ შეფასებთ?

- ბატონ გახარიას გადადგომა ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა, იმის მიუხედავად რომ მანამდე საუბრები იყო და არ ვგულისხმობ ოპოზიციური მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციებს, არამედ ზოგადად ხმები გამოდიოდა ცვლილებებთან დაკავშირებით.  იმ კონკრეტულ მომენტში სერიოზული დარტყმა იყო გუნდისთვის და საკმაოდ მყიფე სიტუაცია იყო შექმნილი. ოპოზიციამ მაშინ ამ სიტუაციით ვერ ისარგებლა, ფიქრობდნენ ალბათ, რომ ხელისუფლება ჩამოშალეს.  დღევანდელი გადმოსახედიდან, თუმცა მაშინაც ვფიქრობდი, რომ სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება იყო ირაკლი ღარიბაშვილის შერჩევა. ის ერთ-ერთი ლიდერია „ქართული ოცნების“, არის პოლიტიკური მდივანი. იმ ეფექტიანი მოქმედებებით, რაც ამ 1 წლის განმავლობაში განახორციელა, გადადგომამ მეტი პოზიტივი მოიტანა.

- პანდემიის მწვავე მიმდინარეობის ფონზე კოვიდვაქცინების შემოტანასთან დაკავშირებით, ღარიბაშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯები... იმ ვითარებაში, რაშიც ქვეყანა იყო,  რას მიიჩნევთ პრემიერის მიერ მნიშვნელოვან წინგადაგმულ ნაბიჯად და როგორია მისი როლი პანდემიის მართვაში?

- პირველი რითაც დაიწყო, ეს იყო ვაქცინაციის მასშტაბური განხორციელებისთვის საჭირო ზომების მიღება, კერძოდ ვაქცინების შემოტანა, რაშიც თავად იყო პრემიერ-მინისტრი ჩართული, მ.შ. მწარმოებელ კომპანიებთან უშუალო ჩართულობით. ამ მხრივ მძიმე ვითარება იყო 2020 წლის ბოლოს და 2021 წლის დასაწყისში. პანდემიამ მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარება შექმნა. ადამიანებმა დაკარგეს სამუშაო ადგილები,  ის მრალავმილიარდიანი დახმარებები, რაც მივიღეთ, ფაქტობრივად მოხმარდა არა ეკონომიკის ამუშავებას უშუალოდ, არამედ მოსახლეობის სოციალურ დახმარებას, საბანკო სექტორის მხარდაჭერას, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო.  მუდმივად ასე ვერ გაგრძელდებოდა და საჭირო იყო სწრაფი ტემპებით ეკონომიკის ამუშავება.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელი დაიხურა ორნიშნა ეკონომიკური მაჩვენებლით. მნიშნელოვანი იყო ექსპორტის ზრდა, რაც მიუთითებს მეტი პროდუქტის შექმნაზე.

ერთი რამ ფაქტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ჩაბარებისთანავე დაიწყო ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, რაც წინა მთავრობის შემთხვევაში  სავარაუდოდ ასე სწრაფად ვერ მოხდებოდა.

- მეორედ გაპრემიერების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის ძირითად მიღწევად რას გამოყოფდით? რა დახვდა ღარიბაშვილს და რა შეიცვალა?

- მეორედ გაპრემიერება, კარგი ფრაზა ახსენეთ, ამის შესახებ ბევრჯერ მაქვს საჯაროდ ნათქვამი, რომ აბსოლუტურად განსხვავებული ღარიბაშვილი დაბრუნდა. იშვიათი შემთხვევაა, როცა ერთი და იგივე პირი ერთსა და იმავე თანამდებობაზე მეორედ ბრუნდება.

პრემიერობამდე, გავიხსნებ თავდაცვის მინისტრობის დროსაც. ამ პერიოდს უკავშირდება თავდაცვის ძალებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ერთდროულად მთელი ქვეყნის მასშტაბით 250-მდე სხვადასხვა ადგილმდებარეობაზე. სამხედრო ქალაქებში დაიწყო ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია. ამავე პერიოდს უკავშირდება მახათას მთაზე სამხედრო ქალაქის მშენებლობა, პლუს სოციალური პაკეტების გაუმჯობესება სამხედრო მოსამსახურეებისთვის, შეიარაღების, სატრანსპორტო საშუალებების, აღჭურვილობის შეძენა, ავიაციის აღდგენა და სხვა.

შემდეგ უკვე, როცა პრემიერად გადაინაცვლა, ბევრი საინტერესო ინიციატივა წამოიწყო, მათ შორის რეგიონებში. ნახევარ მილიარდზე მეტი გამოიყო, ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში დღემდე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული დაბკეთილმოწყობის სამუშაოები.

- ასევე მნიშვნელოვანია შევეხოთ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივებს, რომელიც ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებას და სათამაშო ბიზნესს შეეხება...

- ფარმაცევტული სფეროს დარეგულირებას  ათეული წლების მანძილზე ყურადღება არ ექცეოდა. დღეს მიუღებელ მდგომარეობამდე მივედით, იმდენად მაღალია მედიკამენტებზე ფასები და იმდენად დიდ ტვირთად აწევს ეს მოსახლეობის ყველა ფენას.  იშვიათია ისეთი ოჯახი, რომელიმე მისი წევრი მაინც არ იღებდეს მედიკამენტს.  ჩვენს სამეზობლოს თუ გადავხედვათ და შევადარებთ, არანორმალური ფასებია, 300, 500 და 1000%-ანი ფასნამატებით.  აქ რეგულაციების მთელი პაკეტია, რომელიც უკვე განიხილება პარლამენტში.  პლუს თურქული ბაზრის გახსნა, მესმის რომ ჩვენი ფარმაცევტული სფერო სკეპტიკურად უყურებს და ეწინააღმდეგება ამ პროცესებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ბოლომდე იქნება მიყვანილი. განსაკუთრებით ეს ეხება ინტერესთა კონფლიქტს სფეროებს შორის, როცა ერთ ხელშია საავადმყოფოები, წარმოება, აფთიაქები, სადაზღვეო კომპანიები.

რაც შეეხება სათამაშო ბიზნესს, ეს ყველაფერი ეტაპობრივად განხორციელდება. პირველი ნაბიჯი რაც გადაიდგა, ეხებოდა ონლაინ სათამაშო ბიზნესს. პრემიერმა ძალიან დიდი თანხა დაასახელა, მილიარდნახევარი გადიოდა ქვეყნიდან და ეს ეროვნულ ვალუტას ურტყამდა.  ერთი ხელის მოსმით ამ მთელ სათამაშო ბიზნესს ვერ აკრძალავ, მაგრამ ფაქტია, რომ დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

ორივე მიმართულებას როგორც ფარმაცევტულს ასევე სათამაშო ბიზნესს გარკვეული პერიოდი დასჭირდება, რომ გარკვეულ ჩარჩოებში მოექცეს მსოფლიო გამოცდილების შესაბამისად.

- ირაკლი ღარიბაშვილის როლი საერთაშორისო ასპარეზზე და მედიაციის საკითხი, რომელიც მან სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს გასწია... როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რაც ღარიბაშვილმა ამ ორ ქვეყანასთან მიმართებით შეასრულა ?

- თავიდანვე საკმაოდ საინტერესო ვიზიტები დაიწყო, განსაკუთრებით გააქტიურდა კავკასიაში, სამეზობლოში. პრემიერს ვიზიტები ჰქონდა უკრაინაში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში...  მსგავსი რამ ჩვენს ისტორიაში არ მომხდარა, როცა ორ დაპირისპირებულ მეზობელ სახელმწიფოს შორის ომის შემდეგ, ტყვეების და დანაღმული ტერიტორიების რუკების გაცვლა მოხდა. ეს ფაქტი მეტყველებს, რომ საქართველოს მთავრობასა და მეზობელი სახელმწიფოების ხელმძღვანელებს შორის მაღალი ნდობა არსებობს.

რაც შეეხება საერთაშორისო ურთიერთობებს, განსაკუთრებით ევროატლანტიკურ მიმართულებას, იმ ვითარებიდან გამომდინარე რაც დღეს მსოფლიოშია, ურთიერთობები საკმაოდ წარმატებით ვითარდება. ბოლო 2-3 თვის მანძილზე საქართველო აქტიურად მონაწილეობდა აღმოსავლეთპარტნიორობის, ასოცირების ტრიოს და სხვა მნიშვნელივან ფორუმებში, მ.შ. ნიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაში.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევთ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას, რომელიც ილიმპიური ჩემპიონების დაჯილდოებას უკავშირდება...

- ძალიან კარგი და სწორი ნაბიჯი იყო იმ კუთხით, რომ სპორტსმენების შრომა უნდა იყოს დაფასებული. ერთი მხრივ ესაა მოქმედი სპორტსმენების წახალისება, რათა მეტი სტიმული მიეცეთ, უფრო მეტი წარმატებით გაგვახარონ, მეორე მხრივ, ასევე, ახალისებს მასობრივი სპორტის განვითარებას.

- და ბოლოს, როგორ შეფასებთ  პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ელექტროენერგიის სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილებას, ასევე დევნილთა და ეკონიმიგრანტთა დახმარების საკითხს...

- პანდემიის მეორე წელს, ეს გადაწყვეტილება სწორია, ისევე როგორც წინა წელს. პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა როგორც ეკონომიკას, ისე შესაბამისად მოქალაქეებს, ამიტომ ჰუმანური გადაწყვეტილებაა.  9 წლის განმავლობაში 27 ათას ოჯახს გადაეცა ბინა. 2024 წლამდე კიდევ 13 ათას ოჯახს გადაეცემა. ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი. წინა ომებმა ჩვენს მოსახლეობას დიდი ზიანი მიაყენა. ცალკე თემაა ეკომიგრანტები. აქვე აღსანიშნავია ვეტერანთა 22 ლარიანი დახმარების 100 ლარამდე გაზრდა, გაიზარდა შშმ პირების, მ.შ. ბავშვთა სოციალური დახმარებები, 10%-ით გაიზარდა საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა ხელფასები და სხვა. აღსანიშნავია ახალი ინიციატივა სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების მიმართულებით.

შარშანდელი წელი მახსენდება მსხვილი როგორც ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით, ისე ძველის გაგრძელებით ან დასრულებით. დასრულდა რაჭის ახალი გზა, გრძელდება რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა, დაიწყო კობი-გუდაური, ასევე, კახეთის ავტობანი.