როგორ შევამოწმოთ, შესულია თუ არა ვინმე ჩვენ Facebook-ზე

ფასებუქი

5 მარტს, საღამოს, Facebook, Instagram და Threads შეფერხებით მუშაობდა. ანგარიშებიდან მომხმარებელთა ავტორიზაცია ავტომატურად გაუქმდა. პაროლის შეყვანის შემთხვევაში შეუძლებელი იყო ხელახლა ავტორიზაცია და ანგარიშზე შესვლაც.

ხარვეზი მეტწილად უკვე გამოსწორებულია, თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებლები უჩვეულო პრობლემაზე ჩივიან: სისტემაში შესვლის მცდელობისას გვერდზე ისინი სხვა ადამიანების ანგარიშებსაც ხედავენ — ისეთი ადამიანების, რომლებსაც მათი მობილურით არასოდეს უსარგებლიათ. 

ზოგიერთ შემთხვევაში სხვების ანგარიშებზე პაროლის ჩაწერის გარეშეც თავისუფლად შედიან, ზოგჯერ კი — ვერა. 

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ზოგადად Meta-ს სერვისების გათიშვა და როგორ უკავშირდება ეს სხვების ანგარიშების გამოჩენის პრობლემას. დაუზუსტებელია ისიც, ნამდვილად გაჟონა თუ არა მომხმარებლების პირადმა მონაცემებმა.

ცნობისთვის, აქამდეც დაფიქსირებულა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სისტემაში შესვლისას უცხო ადამიანების ანგარიშები მოუჩანდათ. ამის შესახებ თვეების წინ რამდენიმე მომხმარებელი წერდაReddit-ზე. 

Facebook აქამდეც არაერთხელ გამოსულა მწყობრიდან, თუმცა სისტემიდან მომხმარებელთა უმრავლესობის "გაყრა" იშვიათი შემთხვევაა. დაუზუსტებელი ვერსიით, შესაძლოა, პრობლემა ამჯერად ავთენტიფიკაციის სერვერების მწყობრიდან გამოსვლასთან იყოს კავშირში.

ავტორიზაცია მომხმარებლებს მასობრივად გაუუქმდათ. მწყობრიდან გამოსული და შემდეგ აღდგენილი სერვერების გავლით ანგარიშებში შესვლას უამრავი ადამიანი ცდილობს. ეს სერვერებს ტვირთავს, რაც, შესაძლოა, სხვების ანგარიშების ჩვენებაში ვლინდებოდეს და მათში შესვლის საშუალებას გვაძლევდეს. მეორე, ასევე დაუზუსტებელი, ვარიანტია ის, რომ მომხმარებლებს საერთო სამართავი გვერდებიდან უჩანთ სხვა ანგარიშები, ანუ იმ ხალხის ანგარიშები, რომლებთან ერთადაც რაიმე გვერდს მართავენ.

მართალია, პრობლემის მიზეზებზე საუბარი რთულია, თუმცა მინიმუმ იმის გადამოწმება მაინც შეგიძლიათ, არის თუ არა ვინმე შესული თქვენს ანგარიშზე.

ამისათვის ჯერ Settings & Privacy ველში უნდა შეხვიდეთ და Settings აირჩიოთ. Meta-ს ანგარიშების ცენტრიდან (Accounts Centre) შემდეგ Password & security ველში უნდა შეხვიდეთ. შემდეგ უკვე შეგეძლებათ, Where you're logged in ველიდან იხილოთ, რა მოწყობილობებია შესული თქვენს Facebook ანგარიშზე.

თუკი უცხო მობილურს/კომპიუტერს აღმოაჩენთ, Select devices to log out ველიდან შესაბამისი მოწყობილობა აირჩიეთ და Log outღილაკით სისტემიდან გამოდით.

ამის შემდეგ უმჯობესია, პაროლი განაახლოთ და შეამოწმოთ, უცხო აქტივობა ხომ არ განხორციელებულა თქვენი სახელით — რთული სათქმელია, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდება ამჯერად, თუმცა ეს უსაფრთხოების საბაზისო ინსტრუქციაა, რომელსაც მსგავს სიტუაციებში უნდა მიმართოთ.

ასევე ნახეთ:

რომელი ზოდიაქოს ნიშნები (არ) ეწყობიან ერთმანეთს

„გეძლევათ დამატებითი ფინანსების მოძიების შესაძლებლობა“ – ნახეთ, რომელი რიცხვები იქნება მარტში იღბლიანი