1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
პუტინი გაღიზიანებული ჩანდა, რადგან ამ ეტაპზე მიაღწია მინიმუმს. რუსეთი ამ რეგიონების ნაწილს ისედაც აკონტროლებდა, - ამის შესახებ ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ „პრაიმთაიმთან“ საუბრისას განაცხადა.
ექსპერტი მსოფლიო ლიდერების ყურადღების ცენტრში მოქცეულ რუსეთ-უკრაინის დაძაბულ ვითარებას აფასებს და ორ სცენარს განიხილავს.
„გუშინ პუტინი გაღიზიანებული ჩანდა, რადგან მან ვერ განახორციელა თავისი ძირითადი მიზანი: უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა და რუსეთისადმი შედარებით ლოიალური ხელისუფლების ჩამოყალიბება. ამიტომაც, მან დაახლოებით, 150-ათასიან კონტიგენტს მოუყარა თავი უკრაინის საზღვრის სიახლოვეს სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომაც, რუსეთმა კუდი მოიქნია და აღიარა ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ რესპუბლიკების ე.წ დამოუკიდებლობა.
გაღიზიანებული იყო იმიტომ, რომ ამ ეტაპზე მიაღწია მინიმუმს. ფაქტობრივად, რუსეთი ამ რეგიონების ნაწილს ისედაც აკონტროლებდა. საბედნიეროდ, ტერიტორიების, როგორც ლუგანსკის, ასევე დონეცკის, 50% უკრაინის კონტროლქვეშაა.
გარდა ამისა, იგივე სცენარია, რაც 2008 წელს. რუსეთი ცდილობდა თავისი ქმედების ლეგიტიმაციას, თითქოს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში ხდება მოსახლეობის გენოციდი, იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ამიტომაც რუსეთი იძულებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები. აღიაროს ამ რეგიონების ე.წ დამოუკიდებლობა და ამით რეგიონებში რუსეთის ჯარის შესვლას ლეგიტიმაცია მისცეს.
პუტინი თავისი განცხადებებით უკრაინის მნიშვნელობას აკნინებს. აცხადებს, რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო არასდროს არსებობდა და კომუნისტური მმართველობის დროს შეიქმნა. ამიტომაც უნდა უმადლოდნენ სტალინს. აქაც ისტორიის გაყალბებასთან გვაქვს საქმე. ისტორიას თუ ჩავხედავთ, არსებობდა კიევის რუსეთი, რომელიც მეცხრე საუკუნის ბოლოს შეიქმნა. კიევი იყო დედაქალაქი, აქედან გამომდინარე, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა პირველი სახელმწიფო. მოსკოვი შეიქმნა გაცილებით გვიან, 1947 წელს. მანამდე, 2 საუკუნით ადრე კიევი შეიქმნა.
აქ შესაძლებელია, განვიხილოთ 2 სცენარი, პოზიტიური და ოპტიმისტური. თუ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქცია არ შემოიღო, მაშინ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საქმე გვაქვს 1938 წელს მიუნხენის გარიგების ანალოგთან. საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი დათანხმდა იმას, რომ გერმანიას დაეკავებინა გერმანელებით დასახლებული სუდეტის ოლქი ჩეხოსლოვაკიაში და გერმანიას ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციაზე ხელი აეღო. ეს და შემდგომში განვითარებული მოვლენები კარგად გვახსოვს. ახლა თუ დასავლეთი დათანხმდა, რომ ოღონდ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე არ დაიწყოს ომი და ლუგანსკისა და დონეცკის აღიარება შესაძლებელია, ეს კიდევ ერთი მარცხი იქნება დასავლეთისა. ეს იქნება სამარცხვინო ნაბიჯი“, - განაცხადა ჩიტაძემ.
ექსპერტის პროგნოზით, თუ დასავლეთი ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება უფრო მტკიცე, რუსეთს მოუწევს მნიშვნელოვანი ფასის გადახდა.
„თუ დასავლეთი იქნება მტკიცე, თუ რუსეთი მართლა გაითიშა სვიფტის საბანკო სისტემიდან და დასავლეთმა იმუშავა რუსული ბუნებრივი აირზე დამოკიდებულების შემცირებაზე, ამ შემთხვევაში რუსეთი იქნება იძულებული, რომ უკან დაიხიოს. ანუ, უახლოეს მომავალში რუსეთი არ გააუქმებს არანაირ გადაწყვეტილებას დონეცკთან და ლუგანსკთან დაკავშირებით, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთს მოუწევს უკან დახევა. ჯერჯერობით, რუსეთი სარგებლობს მისი სავალუტო რეზერვები აღემატება 300 მილიარდ დოლარს და შესაძლოა, დაკარგოს.
რუსეთი პროვოკაციებს გააგრძელებს. უკრაინაში ფართო შეჭრას ადგილი არ ექნება, მაგრამ გარკვეულ ტერაქტებს, კიბერ შეტევებს ექნება ადგილი. თუ დასავლეთი შესაბამის სანქციებს არ მიიღებს, რუსეთი გააგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას“, - განაცხადა ჩიტაძემ.
რაც შეეხება საქართველოს...
„ჩვენ მძიმე მდგომარეობაში ვართ. არსებობს საფრთხე იმისა, რუსეთმა გამოაცხადოს, რომ სამხრეთ ოსეთს იღებს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. აფხაზეთზე არ იქნება საუბარი, მაგრამ ე,წ სამხრეთ ოსეთზე საუბარი მიმდინარეობს. ბიბილოვმა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმაც განაცხადა, რომ არსებობს 5 ნაბიჯი, სამხრეთ ოსეთი გახდეს რუსეთის ფედერაციის წევრი. შესაძლოა, რუსეთი ეცადოს პრესტიჟის აღდგენას და ე.წ სამხრეთ ოსეთი შეიერთოს. თუმცა, დე ფაქტო და დე იურე ვითარება არ შეიცვლება. ეს ტერიტორია არა მხოლოდ ოკუპირებული, არამედ ანექსირებულია რუსეთის მიერ“, - განაცხადა „პრაიმთაიმთან“ ექსპერტმა.
რა მოხდა 21 თებერვალს - მოკლედ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები "დამოუკიდებელ" რესპუბლიკებად აღიარა.
აქამდე ორივე თვითგამოცხადებული რესპუბლიკა იყო და აღიარების "თხოვნით" ლიდერებმა პუტინს 21 თებერვალს მიმართეს.
დღის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტის ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ეს გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ოკუპანტმა ლიდერმა მიმართვაში ვრცლად ილაპარაკა უკრაინის შესახებ, რომლის დროსაც უკრაინის შექმნა ბოლშევიკებს დაუკავშირა და მას "ლენინის ქმნილებაც" უწოდა. მისი თქმით ლენინმა ხელოვნურად მოაქცია უკრაინის ტერიტორიაზე დონბასი.
რუსეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში უკრაინა რუსეთისთვის საფრთხედ წარმოაჩინა, მის ხელისუფლებას კი "აგრესიული, ნაციონალისტური რეჟიმი" უწოდა.
მისი თქმით, დასავლეთმა არ გაითვალისწინა რუსეთის მოთხოვნა ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და აქვე დაამატა: "რუსეთს უფლება აქვს დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება და ჩვენც სწორედ ამას გავაკეთებთ".
საერთაშორისო ლიდერებმა უკვე დაგმეს პუტინის გადაწყვეტილება და ერთხმად განაცხადეს, რომ ეს როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე, მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა.