1791143556
,,4 ოქტომბერს იყო პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის ძალიან აშკარა მცდელობა, ამას ვერ გაბედავდნენ, რომ არ ჰქონოდათ გარედან ძალიან მკაფიო მხარდაჭერა” - სოზარ სუბარი
2025 წლის 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებს პოლიტიკურ სპექტრში კიდევ ერთხელ ეხმაურებიან. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, სოზარ სუბარი აცხადებს, დღემდე ევროკავშირიდან არ ყოფილა არცერთი განცხადება, რომელიც დაგმობს შეჭრას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებში.
"4 ოქტომბერს იყო პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის ძალიან მკაფიო და აშკარა მცდელობა. ისინი ამას ვერ გაბედავდნენ, რომ არ ჰქონოდათ გარედან ძალიან მკაფიო მხარდაჭერა, ძალიან ძლიერი მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა გრძელდება დღესაც და ამის მკაფიო დასტურია ისიც, რომ დღემდე ევროკავშირიდან არ ყოფილა არცერთი განცხადება, რომელიც დაგმობს შეჭრას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებში, შეჭრის მცდელობას პრეზიდენტის შენობაში და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას," - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ერთი წლის წინ კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაში ჩართული პირები საგარეო დაკვეთითა და ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ.
ხელისუფლების შეფასებით, სწორედ ამ კავშირით აიხსნება ის, რომ ბრიუსელის ოფიციალური პირები დედაქალაქში მომხდარ ძალადობასა და პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას დღემდე არ გმობენ.
შეგახსენებთ, რომ ამავე თემაზე გუშინ ვრცელი წერილი გაავრცელა პარლამენტის თავმჯდომარემ.












