პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სერგეი ლავროვი უკრაინის პრეზიდენტს არათანმიმდევრულობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ზელენსკის "მოლაპარაკებები მოლაპარაკებისთვის" სურს, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სერგეი ლავროვი ამბობს, ზელენსკის თქმით, მოსკოვთან მოსალაპარაკებლად რუსებმა ჯარები იმ პოზიციებზე უნდა დააბრუნონ, რაც 24 თებერვლამდე ეკავათ. განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არასერიოზულს უწოდებს. მან, ასევე, აღნიშნა რომ უკრაინაში მიმდინარე სპეციალური ოპერაციის მიზნები ყველასთვის ცნობილია და რომ ის მიღწეული იქნება. თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა სურთ, ანკარა ფასილიტაციის პროცესში თავის წვლილს შეიტანს.
"რაც შეეხება პუტინის და ზელენსკის შესაძლო შეხვედრას, ზელენსკის შეხვედრა შეხვედრისთვის სურს. მას კვირაში 7 პარასკევი აქვს. მან განაცხადა, რომ მოსკოვთან მოსალაპარაკებლად რუსეთმა თავისი ჯარები იმ პოზიციებზე უნდა დააბრუნოს, რაც 24 თებერვლამდე ეკავა. ეს აბსოლუტურად არასერიოზული მიდგომაა, უფრო მეტიც, სრულიად ეწინააღმდეგება იმ ინიციატივებს, რომელიც თავად უკრაინის დელეგაციამ 29 მარტს აქ წამოაყენა.
აუცილებელია, მოლაპარაკების გუნდებმა განაახლონ მუშაობა. 2 თვის განმავლობაში ბურთი უკრაინის მხარესაა. აპრილის შუა რიცხვებში ჩვენ მათ გავუგზავნეთ მონახაზი, რომელიც მოიცავდა ჩვენს წინადადებებს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ჩვენ პასუხი არ მიგვიღია,"- აცხადებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
"მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ არის შედარებით მეტად დადებითი ატმოსფერო. რა თქმა უნდა, თუ ორივე მხარეს სურს, რომ ერთად დასხდნენ, ჩვენ ნამდვილად შევასრულებთ ჩვენს როლს ფასილიტაციის პროცესში, როგორც ჩვენ ანტალიასა და სტამბულში გავაკეთეთ. ჩვენ გავაკეთებთ რაც შეგვიძლია, რათა მოლაპარაკების დაწყებას ბიძგი მივცეთ,"-აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.