ყველამ, ვინც რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება, მასთან ერთად პასუხი უნდა აგოს ამ ომის შედეგებზე - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

ყველამ, ვინც რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება, მასთან ერთად პასუხი უნდა აგოს ამ ომის შედეგებზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი განცხადებით, დონეცკის რეგიონში რუსეთის უსასტიკესი შეტევები გრძელდება, სადაც საოკუპაციო ძალები დიდ ზარალს განიცდის.

„ირანის თანამონაწილეობა რუსულ ტერორში უნდა დაისაჯოს. ჩვენ ამ საკითხს დავაყენებთ არა მხოლოდ ჩვენი ტრადიციული პარტნიორების დონეზე.

მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ ირანის რეჟიმი ეხმარება რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში და შესაბამისად, იმ საფრთხეების გახანგრძლივებაში მსოფლიოს მიმართ, რომელიც არის პროვოცირებული სწორედ რუსეთის ომით.

რომ არა ირანული იარაღის მიწოდება აგრესორისთვის, ახლა ჩვენ უფრო ახლოს ვიქნებოდით მშვიდობასთან და ეს ნიშნავს სასურსათო კრიზისის სრულ მოგვარებასთან სიახლოვეს; სიახლოვეს ცხოვრების ხარჯების კრიზისის მოგვარებასთან და ენერგეტიკული ბაზრის სტაბილიზებასთან; მიახლოებას რადიაციული შანტაჟისგან საიმედო დაცვასთან, რომელსაც რუსეთი არ ტოვებს. ამიტომ აბსოლუტურად ყველა, ვინც რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში ეხმარება, მასთან ერთად პასუხისმგებელია ამ ომის შედეგებზე. ოკუპანტებმა ისევ გამოიყენეს ირანული დამრტყმელი უპილოტო თვითმფრინავები“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.