დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკვე 12 საათია ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე მუშაობს. ოკუპანტების სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზიანებულია აზოტის ჟანგბადის სადგური, დამხმარე ნაგებობები და გამანაწილებელი მოწყობილობა.
ამ დროისთვის ატომურ ელექტროსადგურზე 500-ზე მეტი რუსი სამხედროა, მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანეს ატომურ სადგურზე ახლა სიჩუმეა, ყველას, მათ შორის "როსატომის" თანამშრომლებს ეშინიათ, რომ დაზიანებული სადგურებიდან, ერთ-ერთიდან სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერება გაჟონავს.
ბირთვული საფრთხის გარდა უკრაინას რუსული რაკეტებიც ემუქრება. მთელი ღამის განმავლობაში დაბომბვის ქვეშაა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი - ხარკოვის საცხოვრებელ რაიონებს ათზე მეტი რაკეტა მოხვდა. არიან დაჭრილები და დაღუპულები. კონტრშეტევაზეა გადასული უკრაინული არმიაც, რომელმაც სოფელ პაპასნოისთან პუტინის მზარეულის ვაგნერის კიდევ ერთი დანაყოფი გაანადგურა.
ქალაქი სლავიანსკი საოკუპაციო ძალებმა გვიან ღამით რამდენჯერმე დაბომბეს.
ომის დაწყებიდან 173-ე დღეს ოკუპანტებმა ბელგოროდიდან ხარკოვის მიმართულებით 10-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს რუსი სამხედროები ავიაციითა და არტილერიითაც უტევენ. ხარკოვის ოლქის სალტოვსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელი უბანი კი გრადის ტიპის უმართავი რაკეტებით დაბომბეს, შედეგად დაშავდა 7 ადამიანი.
ოკუპანტებმა დაარტყეს დნეპროპეტროვსკის ოლქსაც. თავდასხმის შედეგად მიკოლაევში დაზიანებულია სასწავლო დაწესებულება. დონეცკის ოლქში კი დაბომბვებს 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაიჭრა 13 ადამიანი.
გრძელდება აქტიური საბრძოლო მოქმედებები. უკრაინულმა არტილერიამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დაჯგუფება ვაგნერის შტაბს დაარტყა. თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა მედიამ გაავრცელა.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს 8 თავდასხმა ლუჰანსკის ოლქში. ბრძოლა გრძელდება კრამატორსკის მიმართულებითაც.
უმაღლესმა რადამ უკრაინაში საომარი მდგომარეობა 90 დღით, 21 ნოემბრამდე გაახანგრძლივა. ქვეყნის პრეზიდენტმა კი რუსეთის მოქალაქეებს მიმართა და უთხრა, რომ დუმილი მხარდაჭერას ნიშნავს.
ვითარება უკიდურესად მძიმე რჩება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რომელზეც რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი ენერგობლოკი გაითიშა. "ენერგოატომის" ინფორმაციით, სადგურზე მუშაობას განაგრძობენ უკრაინელი თანამშრომლები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
სწორედ ამ საკითხზე მოუწოდა 42-მა ქვეყანამ და მათ შორის საქართველომ რუსეთს, ჯარები გაიყვანოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან. ოფიციალურ ტექსტში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინის სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, არის საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების უხეში დარღვევა. ქვეყნები მტკიცედ უჭერენ მხარს ბირთვული უსაფრთხოების ფუნდამენტურ მნიშვნელობას და აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის კონტროლი, დიდ საფრთხეს უქმნის ამ პრინციპებს.