რუსეთის მხრიდან მსოფლიოს ბირთვული შანტაჟი გრძელდება - ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური ისევ საფრთხის ქვეშ არის

atomuri eleqtrosadguri

ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური ოკუპანტების ხელშია. ყველაზე ცუდი სცენარით, ობიექტის აფეთქებას მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირება, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რუსეთში და ევროპის უდიდეს ნაწილში. სპეციალისტების შეფასებით, რეაქტორების დაზიანება ჩერნობილის ტრაგედიაზე გაცილებით მასშტაბური და დამანგრეველი იქნება. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ემზადებიან ყველა შესაძლო სცენარისთვის.

საფრთხის არსებული დონის მიუხედავად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია ჯერჯერობით არ მოხდება. მიზეზი მოსკოვის უარია. გაეროში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ სტრატეგიულ ობიექტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების პროვოკაციებია მოსალოდნელი, რის გამოც ვასილი ნებენზიას თქმით, რუსული ჯარი ზონას არ დატოვებს.

უკრაინის მიერ საკუთარი ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას ნაკლებად სერიოზულად მიიჩნევს ატომური ენერგიის საერთაშორისო კომიტეტი. ისინი რუსეთს ადგილზე დამოუკიდებელი ექსპერტების შეშვებისკენ მოუწოდებენ. კომიტეტის ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ამბობს, რომ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით თამაში კატეგორიულად დაუშვებელია.

შესაძლო ბირთვულ კატასტროფაზე და მსოფლიო საზოგადოების გულგრილობაზე საუბრობს უკრაინის თავდაცვის საბჭოს მდივანი. ოლექსი დანილოვი ამბობს, რომ ევროპა კატასტროფის წინაშე დგას და საფრთხეს სერიოზულად არ აღიქვამს. ამ საკითხს დაუთმო ყურადღება ყოველდღიურ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი რუსეთს ტერორიზმში ადანაშაულებს, ევროპას კი ბირთვული საფრთხის შემცირებისკენ მოუწოდებს.

ატომურ ელექტროსადგურს ოკუპანტებმა ცეცხლი 5 და 6 აგვისტოს გაუხსნეს, რის შემდეგაც სტრატეგიულ ობიექტზე კონტროლი დაამყარეს, თუმცა, მისი დაბომბვა არ შეწყვიტეს. უკანასკნელი შეტევა გუშინ განხორციელდა. უბრალოდ, ცეცხლის გახსნაში რუსები უკვე ოფიციალურ კიევს ადანაშაულებენ.

საპირისპიროს ამტკიცებენ უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები. მათი თქმით, სადგურის ტერიტორიაზე განთავსებულია ოკუპანტების საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც უკრაინის სხვადასხვა ზონას ბომბავენ.