სხვა ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მოწოდებულ იარაღზე ინფორმაციას ნუ გაავრცელებთ - უკრაინის თავდაცვის მინისტრი მოქალაქეებს

ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი ალექსეი რეზნიკოვი მოსახლეობას მოუწოდებს, არ გაავრცელოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც პარტნიორების მიერ უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას ეხება.

„უკრაინის სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს პარტნიორებთან, რათა ჩვენი ქვეყნისთვის თავდაცვას დაეხმარონ. ვმუშაობთ მატერიალურ-ტექნიკური დახმარების მოსაზიდად, ასევე, ვთანამშრომლობთ კომერციულ მომწოდებლებთან.

სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ძალიან დელიკატური სფეროა, რომელიც უკიდურესად დაბალანსებულ მიდგომას მოითხოვს საჯარო კომენტარების თვალსაზრისით. განსაკუთრებით - ომის დროს.

ამასთან დაკავშირებით, მივმართავ ყველას: გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ ინფორმაციას, რომ გარკვეული ქვეყნები ჩვენს ქვეყანას იარაღს აწვდიან, ამაზე კომენტარისგან თავი შეიკავეთ. ამ თემებზე საუბრის უფლება მხოლოდ თანამდებობის პირებს დაუტოვეთ.

მესმის, რომ ხალხს სურს სასიხარულო ამბის გაზიარება, მაგრამ ზოგჯერ, ეს ქმნის საინფორმაციო ფონს, რომელიც შედეგზე უარყოფითად მოქმედებს. ამან, შეიძლება, ჩვენს არმიას გაურთულოს ისეთი დამატებითი შესაძლებლობების მოპოვება, რომელიც ძალიან სჭირდება. შედეგად, უკრაინამ, შეიძლება, განიცადოს ზარალი, რომლის თავიდან აცილებაც შეგვეძლო და უნდა ავიცილოთ კიდეც!

ყველა ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც პარტნიორებთან შეთანხმებით შესაძლებელია, აუცილებლად დროულად მოგაწვდით. მტერმა არ უნდა იცოდეს, რა ელის. დაე, ეს მისთვის უსიამოვნო სიურპრიზი იყოს“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.