"რუსეთს ძალიან გაუჭირდება საომარი მოქმედებების წარმოება" - დაიწყება თუ არა ხანგრძლივი ომი რუსეთ-უკრაინას შორის 

ukraina

რუსეთ-უკრაინას შორის ომი დაიწყო - რუსეთის მიერ დაიბომბა უკრაინის აეროდრომები და სამხედრო შტაბები, საზღვრის გასწვრივ კი საარტილერიო ცეცხლია გახსნილი. ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთის დაუოკებელ ჰეგემონობას ასობით უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე უკვე შეეწირა. ამ ფონზე, დასავლეთი მკაცრი სანქციებით იმუქრება.

რა სურს რუსეთს მეზობელ ქვეყნებთან მუდმივი კონფლიქტით

როგორ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, ამჯერად რუსეთის მიზანი უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდება და უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარებაა.

„რუსეთის მიზანია უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდება და უკრაინაზე მთლიანი კონტროლის დამყარება. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა უკრაინაზე შეძლო კონტროლის დამყარება, ეს ნიშნავს, რომ ბალტიისპირეთის გარდა, ის პოსტსაბჭოთა სივრცეზე სრულ კონტროლს დაამყარებს“,- განაცხადა ჩიტაძემ.

ვინ დარჩება მოგებული რუსეთ-უკრაინის ომში

როგორც ჩიტაძე აცხადებს, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინასთან ხანგრძლივ ომში ჩაერთოს, რაც მასვე დაასუსტებს.

„ახლა რუსეთს ძალიან გაუჭირდება საომარი მოქმედებების წარმოება. რუსეთს, უკრაინის დიდი ქალაქების დაკავების შემთხვევაში, პროცესებზე კონტროლის დამყარება გაუჭირდება. რუსეთი, შესაძლოა, აღმოჩნდეს ხანგრძლივ ომში უკრაინასთან, რაც მასაც დაასუსტებს. რუსეთმა უნდა მიიღოს საკადრისი პასუხი უკრაინისგან და საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოებისგან“,- განაცხადა ჩიტაძემ.

 

ცნობისთვის, პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს და მიზეზად ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტი ლიდერების "დახმარების თხოვნას" ასახელებს. ის ამტკიცებს, თითქოს ეს "ოპერაცია" არის თავდაცვა მათგან, ვინც "უკრაინა ტყვედ აიყვანა". ტრადიციულ პროპაგანდისტულ მოტივებზე პუტინი იმეორებს, რომ არ აპირებს უკრაინის ოკუპაციას და უკრაინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას უჭერს მხარს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ანტონ გონჩარენკოს განცხადებით, განხორციელდა სარაკეტო დარტყმები სამხედრო ადმინისტრაციის ცენტრებზე, აეროდრომებზე, სამხედრო საცავებზე, კიევთან, ხარკოვთან, დნეპერთან. მისივე თქმით, ხდება საზღვრის საარტილერიო დაბომბვა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულება აცხადებს, რომ რუსეთმა მათ წიანააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და მშვიდობიან ქალაქები იბომბება. მისი თქმით, უკრაინა თავს დაიცავს და მსოფლიომ პუტინი ახლავე უნდა შეაჩეროს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა