რუსეთმა ღამით 90 რაკეტით და 100 თვითმფრინავით კომპლექსური დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც უკრაინაში 17 სამხედრო ობიექტი განადგურდა - პუტინი

პუტინი

რუსეთმა დღეს ღამით 90 რაკეტით და 100 თვითმფრინავით კომპლექსური დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც უკრაინაში 17 სამხედრო ობიექტი განადგურდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ სამიტზე განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, თავდასხმის სამიზნე იყო სამხედრო ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის ობიექტები და მათი დამხმარე სისტემები.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე სხვადასხვა კლასის 100 რაკეტა და 466 უპილოტო აპარატი გაუშვა ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების საპასუხოდ.

რუსეთის პრეზიდენტმა ახალი ბალისტიკური რაკეტის, „ორეშნიკის“ მოქმედების სიმძლავრე ბირთვული იარაღის ძალას შეადარა.

პუტინის თქმით, „ორეშნიკის“ რაკეტების მასიური გამოყენების შემთხვევაში ერთი დარტყმით, მისი სიმძლავრე შედარებული იქნება ბირთვული იარაღის გამოყენებასთან.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რაკეტის დამრტყმელი ელემენტების ტემპერატურა ოთხ ათას გრადუსს აღწევს და შეუძლია დიდ სიღრმეზე მდებარე დაცული ობიექტების განადგურებაც.

„რუსეთი უპასუხებს დასავლური შორი მოქმედების იარაღით დარტყმებს, „ორეშნიკის“ საბრძოლო ტესტების შესაძლო გაგრძელების ჩათვლით. ახლა ხდება მიზნების შერჩევა უკრაინაზე თავდასხმებისთვის, ეს შეიძლება იყოს გადაწყვეტილების მიღების ცენტრები კიევში“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.