1732386875
რუსეთის განცხადება, რომ ჯარში საშემოდგომოდ გაწვეულებს უკრაინაში არ გაგზავნიან, ტყუილია - ISW
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოსახლეობის მოტყუებას ცდილობს, როცა არწმუნებს, რომ ჯარში ამ შემოდგომაზე გაწვეულებს უკრაინაში საომრად არ გაგზავნიან.
ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთი ამ გზით ცდილობს გეგმური საშემოდგომო გაწვევისთვის თავის არიდების აღკვეთას. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ რუსულ ჯარში ამ შემოდგომაზე გაწვეულებს უკრაინაში გაგზავნიან მომავალი წლის მარტში ან აპრილში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 31 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დასრულებულია "ნაწილობრივი მობილიზაციის" ფარგლებში მიმდინარე გაწვევის პროცესი. ამასთან, პრეზიდენტ პუტინს ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოუცია დოკუმენტი მის მიერ 21 სექტემბრიდან გამოცხადებული "ნაწილობრივი მობილიზაციის" დასრულების შესახებ.
უკრაინასთან საომრად მობილიზაციისთვის თავის ასარიდებლად რუსეთი დატოვა ათეულობით ათასმა მოქალაქემ.