პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სკანდალური განცხადებების მიუხედავად, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს კვლავ ინარჩუნებს. ეს იმ ფონზე, როცა მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ მელიას მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებული ბრძოლის სტრატეგია და პოზიციები აქვს.
რამდენ ხანს შეინარჩუნებს ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარის პოსტს და რაზეა დამოკიდებული მისი „ნაცმოძრაობიდან“ გაშვება, არგაშვების საკითხი? - როგორც კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, სააკაშვილი ნიკა მელიას გაშვებისგან იმიტომ იკავებს თავს, რომ აღნიშნული პარტიულ განხეთქილებას გამოიწვევს.
„რამდენიმე მიზეზია, თუ რატომ არ უშვებენ ნიკა მელიას თავმჯდომარის პოსტიდან, მათ შორის, არის ის, რომ მელიამ საკმაოდ ბევრი ხალხი მიიყვანა პარტიაში. „ნაცმოძრაობაში“ ნიკა მელიას ჰყავს სერიოზული დაჯგუფება და მისი გაშვება პარტიაში განხეთქილებას გამოიწვევს. პარტიის თავმჯდომარის ცვლილება განხეთქილების გარდა, პარტიის დისკრეტიდაციასაც ნიშნავს.
მელიასთან დაკავშირებით, ახლა ყველა სააკაშვილის გადაწყვეტილებას ელოდება. სააკაშვილს წინააღმდეგობა აქვს მელიასთან, ამიტომ დაუნიშნა მელიას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კობა ნაყოფია. სააკაშვილი ძალიან კარგად ხვდება მელიას თამაშის წესს - მელიას უნდა იყოს ერთპიროვნული მმართველი ლიდერი სააკაშვილის ფინანსურ ბაზაზე დაყრდნობით. რამდენ ხანს მოუთმენს ამ ყველაფერს სააკაშვილი მელიას, რთული სათქმელია“,- განაცხადა არეშიძემ.
პოლიტიკის ანალიტიკოსის ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობაში“ ახლა მიმდინარეობს საუბარი, დატოვონ თუ არა ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარის პოსტზე.
"პრაიმტიმის" კითხვაზე, ხომ არ ფლობს ნიკა მელია სააკაშვილის წინააღმდეგ რაიმე სახის კომპრომატებს? - ძაბირაძე გვპასუხობს, „მელიას წარსულში არანაირი მექანიზმები არ ჰქონდა და არც ახლა აქვს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ კომპრომატები შეეგროვებინა“.
„ჯერჯერობით, „ნაცმოძრაობა“ ბევრ საკითხში ვერ გარკვეულა. პარტიაში ახლა პოზიციების ჩამოყალიბების პროცესი მიდის. „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ერთიანი ბევრ გადაწყვეტილებაში. როგორც ჩანს, სააკაშვილს ცოტა ხანი ურჩევნია თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიას შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხზე მისგან განსხვავებული პოზიციები აქვს. პარტიაში მელიას მხარდამჭერებიც ჰყავს და მისი გაშვება პარტიაში განხეთქილებას გამოიწვევს“,- განაცხადა ძაბირაძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიაში განვითარებული სკანდალური პროცესებით კვლავ საზოგადოების ყურადღებას იქცევს. აღმოჩნდა, რომ პარტიის ლიდერს, ნიკა მელიას ციხეში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა საერთოდ არ სურდა. მელიასთვის არც იდეა - „თავისუფლება მიშას“ ყოფილა მთავარი მიზანი.
რას ამბობს ნიკა მელია ფარულ ჩანაწერში, რომელიც რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა (ამ ჩანაწერის ავთენტურობა მელიამ დაადასტურა). გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს:
„როგორ მოვიგებდი გლდანში არჩევნებს. ჩვენ პირდაპირ ფეხბურთის სათამაშოდ გავდივართ მოწინააღმდეგესთან ისე, რომ არ ვვარჯიშობთ, შორტებს ვიცვამთ, გავდივართ და დარწმუნებულები ვართ რომ მოვიგებთ“
„თუ თქვენი და თქვენი მეზობლის მთავარი იდეა თუ არის „თავისუფლება მიშას“, არ გამოვა, სხვა რამე უნდა იყოს“.
"ვიცოდი ამერიკელების განწყობა და ევროპელების, ვეუბნებოდი მიშას, ხმას არ ამოიღებენ-მეთქი, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი მისი ჩამოსვლის, ვიცოდი, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა“.
ნიკა მელიას ფარული ჩანაწერი მაშინაა გაკეთებული, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართებოდა. ის ასეთი ტექსტებით „ნაციონალური მოძრობის“ მხარდამჭერებს ესაუბრება.