რუსეთი უკრაინას სამი მიმართულებით უტევს - უკრაინის გენშტაბი

უკრაინა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსული ძალები ქვეყანას სამი ძირითადი - ბახმუტის, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით უტევენ.

გენშტაბის ცნობითვე, რუსეთი ცდილობს ტაქტიკური მდგომარეობა კუპიანსკის მიმართულებით გაიუმჯობესოს.  გენშტაბში ასევე აღნიშნავენ, რომ ოკუპანტების ძალისხმევა კონცენტრირებულია დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრების დაკავებაზე, თუმცა წარუმატებლად.

9 იანვარს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს თავდასხმები. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა 8 სარაკეტო და 31 საავიაციო დარტყმა განახორციელეს, 63-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, მათ შორის დონეცკის ოლქის ქალაქების – ხარკოვის, ხერსონის, კრამატორსკის, ასევე ნიკოლაევის ოლქის ქალაქ ოჩაკოვოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. არიან დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში.

უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ გასული დღე-ღამის განმავლობაში მტრის პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და ტექნიკის კონცენტრაციის 18 რაიონზე მიიტანა იერიში, სამი დარტყმა განახორციელა რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე. ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის ორი სადაზვერვო დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვოტროიცკის საავადმყოფოში 2023 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 120 ოკუპანტი მიიყვანეს.