1749455584
რუსეთი უკრაინას გასულ ღამეს 499 უპილოტო საფრენი აპარატითა და რაკეტით თავს დაესხა

რუსეთი უკრაინას გასულ ღამეს 499 უპილოტო საფრენი აპარატითა და რაკეტით თავს დაესხა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 479 მათგანის განეიტრალება შეძლო, თუმცა ათ ადგილას დარტყმები განხორციელდა, ხოლო 17 ადგილას ნამსხვრევები ჩამოვარდა.
უკრაინის მიმართულებით რუსეთმა უპილოტო აპარატებთან ერთად გაუშვა ოთხი აერობალისტური რაკეტა, 14 ფრთოსანი რაკეტა, ორი რადარის საწინაღმდეგო რაკეტა.
რუსეთის საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს უკრაინის ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ელექტრონული ბრძოლის დანაყოფებმა და უპილოტო სისტემებმა, ასევე უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იური იგნატმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კომბინირებული დარტყმა განახორციელა და მთავარი სამიზნე უკრაინის ერთ-ერთი აეროდრომი იყო. იგნატმა პირდაპირ არ თქვა, რომელ აეროდრომზე საუბრობდა, თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ ეს არის საჰაერო ბაზა ქალაქ დუბნოში. სწორედ ამ დასახლებამ განიცადა ყველაზე ძლიერი დარტყმა ღამით.