„რუსეთი მკაცრად უპასუხებს, თუ უკრაინა ტერაქტების ორგანიზებას გააგრძელებს“ - პუტინი

პუტინი

რუსეთი მკაცრად უპასუხებს, თუ უკრაინის ხელისუფლება გააგრძელებს ტერაქტების ორგანიზებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების უკან კიევის ხელისუფლება დგას.

„8 ოქტომბრის აფეთქება არის ტერორისტული აქტი. ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. ასევე აშკარაა, რომ ტერაქტის დამკვეთები, ორგანიზატორები და მონაწილეები უკრაინის სპეცსამსახურები არიან“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსულმა ძალებმა დარტყმა მიაყენეს უკრაინაში ენერგეტიკულ, სამხედრო და საკომუნიკაციო ობიექტებს.

"თუკი ჩვენს ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელების მცდელობები გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი და მისი მასშტაბი რუსეთის ფედერაციის მიმართ საფრთხის დონის შესაბამისი იქნება. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს“, - აღნიშნა პუტინმა.