რუსეთი აცხადებს, რომ 30 სექტემბერს უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსირებას მოახდენს

რუსეთის პრეზიდენტი

კრემლმა გამოაცხადა, რომ 30 სექტემბერს ოფიციალურად მოახდენს უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსირებას - იმ ფონზე, როცა დასავლეთი ამზადებს ახალ სანქციებს რუსეთისთვის, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ყალბად გამოცხადებული რეფერენდუმების შემდეგ.

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 29 სექტემბერს განაცხადა, რომ ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მოსკოვის მიერ დანიშნული ლიდერები უკრაინის ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებიდან, და რომ "რუსეთის ფედერაციაში ახალი ტერიტორიების გაწევრიანების შესახებ შეთანხმებების" ცერემონია გაიმართება მოსკოვის დროით დღის 3 საათზე. პუტინი დოკუმენტებს ხელს მოაწერს კრემლის დარბაზში და სიტყვითაც გამოვა - ამბობს პესკოვი. ცერემონიის შემდეგ გაიმართება პოპმუსიკის კონცერტი წითელ მოედანზე, სადაც აღმართეს უზარმაზარი ეკრანები და სადაც ბილბორდებზე წერია „დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე, ხერსონი - რუსეთია!“

უკრაინის რეგიონებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამომრჩეველმა დიდი უპირატესობით დაუჭირა მხარი რუსეთთან გაერთიანებას - თუმცა კენჭისყრას უარყოფენ უკრაინა, დასავლეთის ხელისუფლებები და გაერო, რადგან რეფერენდუმები საერთაშორისო სამართლით უკანონო იყო.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 30 სექტემბერს გამართავს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას, ამბობს მისი პრესმდივანი. ზელენსკი აცხადებს, რომ ანექსირებას მკაცრი პასუხი გაეცემა.