eliot koeni

რუსეთი ამ ომში უკვე რამდენჯერმე დამარცხდა - ელიოტ კოენი

რუსეთი ამ ომში უკვე რამდენჯერმე დამარცხდა - რამდენიმე ვარიანტი არსებობს: ჩიხი; რუსეთის ნელი გამარჯვება ან დიდისაბრძოლო დანაყოფის კოლაფსის შესაძლებლობა, - ამის შესახებ სამხედრო კონფლიქტების ისტორიკოსმა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელმა, ელიოტ კოენმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, „რუსები წინ მიდიან, თუმცა ვერანაირ გადამწყვეტ პოზიციებს ვერ იკავებენ“.

„ეს ომია, ასე რომ, რთულია იმის ზუსტად ცოდნა, თუ რა ხდება. ომის ნისლი ყოველთვის ძალიან სქელია. ამიტომ რაიმეს წინასწარმეტყველება რთულია. ერთი მხრივ აშკარაა, რომ რუსეთის მცდელობა, აეღო კიევი წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსები დამარცხდნენ, კიევისთვის ბრძოლაში, დამარცხდნენ ხარკოვისთვის ბრძოლაში. ვიტყოდი აქვთ მცირედი წარმატებები, სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ახლა ჩანს, რომ ისინი ცდილობენ ძალების მოკრებას და ხელახალი იერიშისთვის მომზადებას. ხოლო უკრაინელებს გარკვეული წარმატება აქვთ სამხრეთში, ხერსონის გარშემო. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, რა გავლენა ექნება დასავლურ შეიარაღებას, რომელიც უკრაინას მიეწოდება. მისი შედეგები გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში შესამჩნევია. უკრაინელები წარმატებით იყენებენ მობილურ სარაკეტო სისტემებს, რომელიც მათ შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა მისცეს. ასევე, მაღალი სიზუსტის არტილერიას. ეს არა მხოლოდ ტექნიკური დეტალი, არამედ სიტუაციის მნიშვნელოვანი განვითარებაა. უკრაინა ამ იარაღს იყენებს და იერიში მიაქვს რუსულ სამხედრო საწყობებზე. თუ უკრაინა მოახერხებს, რუსეთს შეუზღუდოს საარტილერიო საბრძოლო მასალაზე წვდომა, მაშინ ეს ამ უკანასკნელს მნიშვნელოვან სირთულეებს შეუქმნის, თუმცა, ამას დრო გვაჩვენებს“, - განაცხადა ელიოტ კოენმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა უკვე ომს გრძელვადიანი კონფლიქტის სახე, ელიოტ კოენი ამბობს, რომ „ვერავინ იტყვის, რა მიმართულებით წავა ეს ომი“.

„ყველამ უნდა გაიგოს, რომ რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ერთია ჩიხი. მეორე რუსეთის ნელი გამარჯვება და მესამე, ვერ ვიტყვი რამდენად სავარაუდოა ეს სცენარი, მაგრამ დიდი საბრძოლო დანაყოფის კოლაფსის შესაძლებლობაა ანუ მასობრივი დანებება, უარის თქმა ბრძოლაზე, აჯანყება, დეზერტირობა და მსგავსი რაღაცები. ამის ნიშნები აქამდეც იკვეთებოდა. თუ რუსეთი დაკარგავს უნარს, დიდი რაოდენობით საარტილერიო იერიში და ცეცხლი მიიტანოს, მათ დარჩებათ ცუდად გაწვრთნილი და დემორალიზებული ქვეითი ჯარი, ძალიან მცირედი და მოძველებული ჯავშანტექნიკით და შესაძლოა სწორედ ამას მოჰყვეს დანაყოფის კოლაფსი. ეს შეიძლება მოხდეს უკრაინის მხარესაც, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მათ იციან რისთვის იბრძვიან, ეს მათთვის გადარჩენისთვის ბრძოლაა. რუსი სამხედროებისთვის ეს ასე არ არის“,- განაცხადა კოენმა.

მისივე თქმით, დღეს „რთული, თუმცა არა წარმოუდგენელი მიზანი, რუსების 24 თებერვლის ხაზზე დაბრუნებაა“.

რაც შეეხება ვაშინგტონის პოზიციებს, კოენის თქმით, „ამ მომენტში ადმინისტრაცია მოწოდებულია განაგრძოს დიდი რაოდენობის დახმარების მიწოდება უკრაინისთვის“.

მან ასევე უპასუხა კითხვას საქართველოსთან დაკავშირებით იმის თაობაზე, უშვებს თუ არა თბილისი ისტორიულ შანსს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. კოენის თქმით, „საქართველოსთვის საუკეთესო გზა, ევროპაში ინტეგრაციისთვის ყველაფრის გაკეთება და იმის უზრუნველყოფაა, რომ რუსეთს რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეს საქართველოს ოკუპაციის შემდგომი მცდელობა“.

„ერთი გაკვეთილი [ამ ომიდან] ესაა. უკრაინელებსაც შეეძლოთ მეტი გაეკეთებინათ და უკეთ მომზადებულიყვნენ მსგავსი კონფლიქტისთვის. საქართველომ მშვიდად უნდა ააწყოს კავშირები დასავლეთთან და დაელოდოს მომენტის მომწიფებას. ეს მომენტი შეიძლება მალე დადგეს. რუსეთი შეიძლება ქაოსში აღმოჩნდეს, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს თავი განიმტკიცოს ევროპაში და ნატო-ში. თუმცა საჭიროა უზრუნველყოს, რომ ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს“, - განაცხადა ელიოტ კოენმა.

მთავარი სიახლეები