უკრაინის პორტებიდან სიმინდით დატვირთული სამი გემი გავიდა

უკრაინა

დღეს დილით, უკრაინის ოდესის და ჩერნომორსკის პორტები დატოვა სამმა სატვირთო გემმა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩერნომორსკის პორტიდან გასულ, თურქეთის დროშით მცურავ გემ Polarnet-ს 12 ათასი ტონა სიმინდი მიაქვს თურქეთში, ამავე პორტიდან გასულმა, მალტის დროშით მცურავმა Rojen-მა 13 ათასი ტონა სიმინდი უნდა ჩაიტანოს დიდ ბრიტანეთში, ხოლო ოდესის პორტიდან გასულმა, პანამის დროშით მცურავმა გემმა Navistar-მა - 33 ათასი ტონა სიმინდი ირლანდიაში.

გემები გაჩერდებიან სტამბოლში, სადაც მათ გაეროს, თურქეთის, უკრაინის და რუსეთის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენლები შეამოწმებენ.

უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 22 ივლისს, სტამბოლში მიაღწიეს შეთანხმებას შავი ზღვით, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ. გემებს და მათ უსაფრთხო ნაოსნობას სტამბოლიდან აკონტროლებს საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი.

უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველმა სატვირთო გემმა ოდესის პორტი 1 აგვისტოს დატოვა.