1746733863
რა ვიცით Anonymous-ის ჰაკერულ დაჯგუფებაზე - „ჩვენ ვართ ლეგიონი, ჩვენ არ ვპატიობთ, ჩვენ არ ვივიწყებთ, გველოდეთ"

უკრაინაში შეჭრის შემდეგ მსოფლიოს უმსხვილესმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ, სახელწოდებით Anonymous-მა 25 თებერვალს ვლადიმერ პუტინს კიბერომი გამოუცხადა და პირობა დადო რომ ჩადენილი ქმედებების გამო რუსეთის ხელისუფლებას პასუხს აგებინებდა:
„მოგესალმებით, რუსეთის პრეზიდენტო, ვლადიმერ პუტინ, ჩვენ საკმარისზე მეტი დრო მოგეცით. მაგრამ თქვენ კიდევ უფრო დიდი ომი წამოიწყეთ. ახლა ყველაფერი უკვე ძალიან გვიანია.
მხოლოდ დროის ამბავია, გამოვააშკარაოთ ის სიბინძურე, რასაც საზოგადოებას უმალავთ. თქვენი კარადის სიღრმიდან არც ერთი ჩონჩხი არ დარჩება „ამოუბრუნებელი". მოვითხოვთ აღადგინოთ უკრაინელი ხალხის უფლებები და გადადგეთ როგორც არჩეული ხელისუფალი. ეს არ არის ომი, რომელსაც მოიგებთ. ჩვენ ვართ Anonymous-ი, ჩვენ ვართ ლეგიონი, ჩვენ არ ვპატიობთ, ჩვენ არ ვივიწყებთ, გველოდეთ!““.
პირობის შესასრულებლად ჰაკერებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ. რამდენიმე საათში Anonymous-მა რუსული სახელისუფლებო საიტი და მედიაკორპორაცია RT News-ის ვებგვერდი გათიშა.
„ჰეი გაზპრომ, გინდა ვითამაშოთ?", - ამ ფრაზით კი ჰაკერებმა ბუნებრივი აირის უმსხვილეს მწარმოებელს მოახლოებული საშიშროება ამცნეს.
მოგვიანებით Anonymous-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი დაჰაკა, მონაცემთა ბაზა ჩამოტვირთა და სოციალურ ქსელში გაავრცელა. 26 თებერვალს ისინი ბელარუსის იარაღის მწარმოებელი Tetraedr-ს მიადგნენ, რომელიც პუტინს უკრაინაში შეჭრაში ლოჯისტიკურ დახმარებას უწევს. მათ კომპანიის კუთვნილი მეილები გაასაჯაროვეს.
Anonymous-ის ჰაკერები - რა ვიცით მათზე
Anonymous-ი თავისუფალი, დეცენტრალიზებული ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მცხოვრებ უამრავ ჰაკერს აერთიანებს.
„დაიცვან სუსტები ძლიერებისგან”, გამოააშკარაონ უსამართლობა“, „ებრძოლონ ცენზურას“ - ამ იდეით შთაგონებული ჰაკერების ქსელი 2003 წელს შეიქმნა.
ისინი თავიანთ თავს ჰაქტივისტებს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მათი სამიზნე ის ხელისუფლებები, კორპორაციები და ორგანიზაციებია, რომელთა ქმედებებსაც არ ეთანხმებიან.
„თუ თქვენ იზიარებთ ანონიმუსის იდეებს, შეგიძლიათ დაუძახოთ თქვენს თავს ანონიმი,“-ამბობენ ისინი თავიანთ მიმართვებში, რომლებსაც ინტერნეტში ვიდეო ჩანაწერის სახით ავრცელებენ. მოძრაობის სიმბოლოდ მე-16 საუკუნეში მცხოვრები ინლისელი რევოლუციონერის, გაი ფოქსის ვენდეტას ცნობილი ნიღაბი იქცა.
„ანონიმებს“ მსოფლიოს მთავრობებზე განხორციელებულ ათეულობით კიბერშეტევას მიაწერენ. მათი სამიზნე გამხდარა ისეთი ქვეყნების სამთავრობო სერვერები როგორიცაა - აშშ, ისრაელი, ტუნისი, უგანდა თურქეთი. კორპორაციებს შორის „აზარალეს” PayPal-ი, MasterCard-ი, Visa და Sony.
2013 წელს ინტერნეტში საბავშვო პედოფილიის გამავრცელებლები ამხილეს, გასული წლის ნოემბერში კი გატეხეს ამერიკული რასისტული ორგანიზაცია „კუ კლუქს კლანის” ტვიტერის ანგარიში.
2015 წელს მათ ტვიტერზე დაბლოკეს აისისის 5 500-მდე ექაუნთი. 2020-ში კი მინეაპოლისის პოლიციას ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო ემუქრებოდნენ.
ჰაქტივისტები გაჩერებას არც ამჯერად აპირებენ.
„ჩვენ განვაგრძობთ რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ შეტევებს იქამდე, სანამ ისინი ადამიანის უფლებების პატივისცემას არ ისწავლიან",- წერენ ისინი სოციალურ ქსელში.