პუტინმა უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ჯარების ახალ მეთაურს დონბასის მარტამდე დაკავება დაავალა - უკრაინის თავდაცვა

პუტინი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ჯარების ახალდანიშნულ მეთაურს, ვალერი გერასიმოვს დონბასის მარტამდე დაკავება დაავალა. ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

„ჩვენ უნდა ვისაუბროთ რაშისტებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებაზე – ეს დონბასია. მორიგი ვადები, რომლებსაც პუტინი განსაზღვრავს უკვე გერასიმოვისთვის, როგორც უკრაინის წინააღმდეგ ომის ახალი ხელმძღვანელისთვის, ეს არის მარტის თვემდე დონბასის დაკავება და იქ უსაფრთხოების გარკვეული ზონის ჩამოყალიბება. ეს პირველი ვადები არაა. ყოველ ჯერზე ამ ვადების გადატანა ხდებოდა. უკვე წელი ხდება ფართომასშტაბიანი ინტერვენციიდან, რაც ისინი „სამ დღეში კიევს იღებენ“. არაფერი გამოუვათ ამჯერადაც“, – განაცხადა იუსოვმა.

მისი თქმით, პუტინს არ უთქვამს უარი უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს და უკრაინელების, როგორც ერის განადგურების გეგმებზე. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ პუტინი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ხანგრძლივი ომისთვის ამზადებს.