„პუტინი არ შეიცვლება, ჩვენ გვაქვს 3-4 წელი, რათა ევროპაში დიდი ომისთვის სრულად მოვემზადოთ“ - დოვილე შაკალიენე

დოვილე შაკალიენე

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, დოვილე შაკალიენემ განაცხადა, რომ ევროპა მზად უნდა იყოს პოტენციური ომისთვის, რადგან რუსეთის მმართველი ვლადიმირ პუტინი "არ შეიცვლება".

მისი განმარტებით, ომისთვის მოსამზადებლად, ევროპას 3-4 წელი აქვს.

"პუტინი არ შეიცვლება. ჩვენ გვაქვს 3-4 წელი, რათა ევროპაში დიდი ომისთვის სრულად მოვემზადოთ. ნატო 100%-ით მზად უნდა იყოს ომისთვის ნებისმიერ მომენტში, რადგან ომის თავიდან აცილების ერთადერთი გზა სრული მზადყოფნაა. აღარ შეიძლება უსაფრთხოების ილუზიები გვქონდეს, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ სანდო პარტნიორები ვართ", - განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, დოვილე შაკალიენემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გავლენიანი გამოცემა Politico-ც წერს და დანიის თავდაცვის სადაზვერვო სამსახურს ეყრდნობა. დანიის თავდაცვის სადაზვერვო სამსახურის (DDIS) განცხადებით, თუ მოსკოვი ნატო-ს სუსტად აღიქვამს, რუსეთი შესაძლოა 5 წელიწადში ევროპაში "ფართომასშტაბიანი ომის" დასაწყებად მზად იყოს.

"დიდი ალბათობით, რუსეთი მზად იქნება, სამხედრო ძალა გამოიყენოს რეგიონულ ომში, ნატო-ს ერთი ან რამდენიმე ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ, თუ ის ნატო-ს სამხედრო თვალსაზრისით დასუსტებულად, ან პოლიტიკურად დაყოფილად მიიჩნევს", - ნათქვამია უწყების მოხსენებაში.