ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესს სთხოვს დამატებით 24 მილიარდ დოლარს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისა და პენტაგონის საწყობებში შეიარაღების მარაგების შესავსებად. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
თეთრი სახლის ბიუჯეტის სამმართველო ამ მოთხოვნას სამთავრობო ხარჯების სიაში შეიტანს, რომლის დამტკიცებასაც ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისაგან დეკემბერში მოითხოვს, იმ პერიოდში, ვიდრე კონგრესის ახალი შემადგენლობა დაიწყებს მუშაობას.
„პოლიტიკოს“ ცნობით, კონგრესის აპარატის ორმა თანამშრომელმა დაადასტურა, რომ თეთრი სახლიდან მოთხოვნა გაიგზავნა 25 ნოემბერს, თუმცა შინაარსობრივი მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა და ოფიციალურად მოთხოვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა.
ბაიდენი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები მანამდე არაფერს არ ამბობდნენ უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების შესახებ. თუმცა თეთრი სახლის წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ, რომ ისინი ისწრაფვიან, რაც შეიძლება, გააძლიერონ უკრაინის პოზიციები დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე. ამ კონტექსტში სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც გამოთქვა მოსაზრება, რომ აშშ უზრუნველყოფს უკრაინას ყველაფრით, რაც მას სჭირდება, რათა 2025 წელს შეძლოს სამხედრო მოქმედებების გაგრძელება ან მოლაპარაკებების წარმოება ძლიერი პოზიციით.
მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაცია დაჩქარებულ რეჟიმში ახორციელებს იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის კონგრესის მიერ ადრე დამტკიცებული ინიციატივების ფარგლებში. აშშ-მა ასევე ნება დართო უკრაინას ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმებისთვის; გადასცა უკრაინას ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, შემოიღო ახალი სანქციები რუსეთის მიმართ, მათ შორის „გაზპრომბანკის” წინააღმდეგ“ რამაც შეიძლება გაართულოს გაზის ექსპორტი რუსეთიდან.
„პოლიტიკოს“ ცნობით, მოთხოვნილი სახსრების ორი მესამედი ანუ 16 მილიარდი დოლარი მიმართული იქნება აშშ-ის იარაღის მარაგების შესავსებად, რომელიც ადრე გაიგზავნა უკრაინაში. დამატებით რვა მილიარდი დოლარი გამიზნულია უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის ინიციატივისთვის, რომლის ფარგლებშიც პენტაგონი აფორმებს ხელშეკრულებებს სამხედრო კომპანიებთან უკრაინაში გასაგზავნი იარაღის წარმოებისთვის.
„პოლიტიკო“ წერს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის წინადადების კონგრესის მიერ დამტკიცების შანსები მცირეა. წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებენ რესპუბლიკელები, რომლებიც წლის დასაწყისში რამდენიმე თვის განმავლობაში უარს ამბობდნენ უკრაინისთვის დაახლოებით 60 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე. სენატში რესპუბლიკელების ნაწილმა უკვე გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციის ახალი მოთხოვნა.