NYT: ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, უკრაინას რუსი გენერლების დახოცვაში აშშ-ის დაზვერვა ეხმარება

tanki

ნიუ იორკ თაიმსი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის დაზვერვა უკრაინელებს რუსი გენერლების დახოცვაში ეხმარება.

ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა სადაზვერვო ცნობები, რომელიც უკრაინელებს დაეხმარა, მიზანში ამოეღოთ და დაეხოცათ რუსი გენერლები.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, მათ ფრონტის ხაზზე 12 რუსი გენერალი მოკლეს, რაც დიდი რიცხვია.

მიზნობრივი მხარდაჭერა ბაიდენის ადმინისტრაციის სისტემატიზირებული დახმარების ნაწილია და უკრაინისთვის რეალურ დროში ბრძოლის ველიდან დაზვერვის ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. დაზვერვის ინფორმაცია ასევე მოიცავს ცნობებს რუსული ჯარების სავარაუდო/მოსალოდნელი გადაადგილების შესახებ, რაც მიღებულია ამერიკელების ბოლოდროინდელი შეფასებებიდან დონბასში მოსკოვის საიდუმლო საბრძოლო გეგმის შესახებ.

ნიუ იორკ თაიმსი წერს, რომ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა უარი თქვეს, დაეზუსტებინათ, 12 გენერლიდან რამდენი მოკლეს აშშ-ის დახმარებით.

აშშ ფოკუსირებულია ინფორმაციის მოძიებაზე რუსული არმიის მობილური "სათავო შტაბის" ადგილმდებარეობის და სხვა დეტალების შესახებ. უკრაინის ხელისუფლება აშშ-ისგან მიღებულ გეოგრაფიულ ინფორმაციას აჯერებს თავისი დაზვერვისგან მიღებულ ცნობებთან, რაც, მათ შორის, მოიცავს რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საკომუნიკაციო არხების შესახებ ინფორმაციას. ამის საფუძველზე დგება საარტილერიო და სხვა თავდასხმის გეგმა, რის შედეგადაც დახოცეს რუსი გენერლები.

NYT აღნიშნავს, რომ სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება არის აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის გაძლიერებული მხარდაჭერის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს უფრო მძიმე საბრძოლო ტექნიკას და ათობით მილიარდი დოლარის დახმარებას.