მხოლოდ ის შეგვეძლო, რომ ბავშვებისთვის ტკივილგამაყუჩებელი გაგვეკეთებინა - პატარა პაციენტების მძიმე ისტორიები მორიუპოლიდან

ბავშვები

მარიუპოლის მე-4 საავადმყოფოს ანესთეზიოლოგი, 27 წლის ანდრეი სერბინი  გამოცემა svoi.city - თან ომის ტრაგიკულ შემთხვევებზე საუბრობს და იმ ბავშვების ისტორიას იხსენებს, რომელთა გადარჩენაც ვერ შეძლო.

„ამ ხნის განმავლობაში სულ 15 დაშავებული ბავშვი იყო. ყველაზე საშინელებაა თავა-ქალის ტრავმები. ჩვენი საავადმყოფო ნეიროტრავმებზე სპეციალიზებული არ ყოფილა და ჩვენ ნეიროქირურგი არ გვყავდა.

პირველი გოგო კარგად დავიმახსოვრე, ანა ერქვა. აფეთქებამ მანქანას ბორბალი მოაგლიჯა და მას თავში მოხვდა.

ჩვენმა ტრავმოტოლოგმა ამ გოგოს თავის ქალას ტრეპანაცია გაუკეთა. ეს ოპერაცია მის მოვალეობებში საერთოდ არ შედიოდა. ეს დაახლოებით იგივეა, თერაპევტს ბრმანაწლავი  ამოეჭრა.

ოპერაციის შემდეგ აღდგენის მძიმე ეტაპი იყო. 5 დღე გოგო ხელოვნურ სუნთქვაზე იყო. ხელოვნური სუნთქვის აპარატები ხომ ელექტროენერგიაზე მუშაობს. ჩვენ 5 აკუმულატორი გვქონდა, ვიდრე გენერატორი მუშაობდა, მათ ვტენიდით, როდესაც ერთი ჯდებოდა, სხვას ვტენიდით... და ასე შემდეგ. ძალზე ექსტრაორდინარული სიტუაცია იყო.

შემდეგ ანა რესპირატორიდან მოვხსენით და ის დამოუკიდებლად სუნთქავდა. 18 მარტისთვის უკეთ გახდა. 21 მარტს გონზე მოვიდა და ჩვენთან მინიმალური კონტაქტი დაამყარა. ჩვენ ძალიან ვამაყობდით, რომ ის გადავარჩინეთ.

ანა ჯერ კიდევ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო, როდესაც კიდევ ერთი ბავშვი შემოიყვანეს. მასაც თავის ტრავმა ჰქონდა. 6 წლის ბავშვი ოპერაციის შემდეგ საკმაოდ მალე გამოკეთდა. მე ის რამდენჯერმე ვნახე ბებიასთან ერთად.

ის, რომ ბავშვებს ვეხმარებოდით, შეგვეძლო მათი გადარჩენა ასეთ პირობებში, ეს მორალურ სულისკვეთებას გვიმაღლებდა.

სამწუხაროდ, სხვა რამეც ხდებოდა. ხშირად გარდაცვლილი ბავშვები მოჰყავდათ, ან კიდევ უარესი, როდესაც ბავშვები ცოცხლები მოჰყავდათ და ჩვენ კი ვერ ვეხმარებოდით.

იყო ასეთი შემთხვევა - დედა, ბებია და ერთი წლის ბავშვი ეზოში საჭმელს აკეთებდნენ, მოფრინდა ჭურვი, დედას მხოლოდ ნაკაწრი აქვს, ბებიამ თავის სერიოზული ტრავმა მიიღო და თვალი დაუზიანდა. ერთი წლის ბავშვს კი ნამსხვრევი თავში მოხვდა. შუბლში საკმაოდ დიდი ნახვრეტი ჰქონდა. როდესაც მოიყვანეს, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ ასეთი ტრავმით გადარჩენის შანსი ნულია. მხოლოდ ის შეგვეძლო, რომ ბავშვისთვის ტკივილგამაყუჩებელი გაგვეკეთებინა. 15 წუთში ის გარდაიცვალა.

იყო კიდევ ასეთი შემთხვევა - ორი ბავშვი მოიყვანეს, 10 და 16 წლის,  ასევე თავის უმძიმესი დაზიანებით. მათაც ვერ დავეხმარეთ. მხოლოდ გამაყუჩებელი გავუკეთეთ და საბანი მივაფარეთ, სულ ესაა“, - იხსენებს ანესთეზიოლოგი გამომცემლობასთან საუბრის დროს.