14 წლის გოგო, რომელიც ბუჩაში ხუთმა ოკუპანტმა გააუპატიურა, ორსულადაა - ის ბავშვის გაჩენას გეგმავს

გაუპატიურება

ბუჩადან 14 წლის გოგონა ხუთმა რუსმა ოკუპანტმა გააუპატიურა. ის ახლა ორსულადაა და ბავშვის დატოვებას გეგმავს, რომლის ბიოლოგიური მამა ოკუპანტი და მოძალადეა. დაშავებული ბავშვის მშობლების თანხმობით, ამ ამბავს ომბუდსმენის ცხელ ხაზზე ფსიქოლოგი, ალექსანდრა კვიტკო ყვება.

ალექსანდრა ამბობს, რომ გოგონას ოჯახმა შვილის დატოვება გადაწყვიტა, რადგან ექიმები აფრთხილებენ, რომ თუ ახლა გოგონა აბორტს გაიკეთებს, დაზარალებული შვილს, სავარაუდოდ, ვეღარ გააჩენს. ფსიქოლოგი ახლა გოგონას ბავშვის მიღებაში ეხმარება.

ფსიქოლოგი ამჟამად მუშაობს 14-18 წლის ხუთ გოგონასთან, რომლებიც დაორსულდნენ რუსი ჯარისკაცების მიერ გაუპატიურების გამო.

25 აპრილის მდგომარეობით, ომბუდსმენის ცხელ ხაზზე მიღებული იყო მიმართვა სექსუალური დანაშაულის 101 შემთხვევის შესახებ.

„14, 15, 16 წლის გოგოებს ხშირად აუპატიურებენ. ომის შემდეგ უკრაინაში ბევრი ორსული მოზარდი იქნება“, - ამბობს კვიტკო.

საერთო ჯამში, ჯერჯერობით მხოლოდ 12 იძულებითი ორსულობის შემთხვევაა ცნობილი გაუპატიურების მსხვერპლთა შორის, მაგრამ რეალურად უფრო მეტია - მსხვერპლთა მხოლოდ მცირე პროცენტია მზად იმის თქმისთვის,რაც შეემთხვათ“, - განაცხადა ომბუდსმენმა.

ოკუპაციისგან გათავისუფლების შემდეგ, ზოგიერთ მსხვერპლს არ შეუძლია შეწყვიტოს არასასურველი ორსულობა. მაგალითად, პოლონეთში, სადაც ბევრი ქალი მიდის ლტოლვილად, აბორტის კანონმდებლობა ძალიან მკაცრია და პრაქტიკაში აბორტი პოლონეთში ხშირად უბრალოდ შეუძლებელია.