„მინდა იცოდეთ მათ შესახებ“ - ოლენა ზელენსკამ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მოხალისეების ფოტოები გააზიარა

დაღუპულები

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მოხალისეების ფოტოები გააზიარა.

პოსტს „პრაიმთაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ნასტია იალანსკა. მის მანქანას ესროლეს იმ დროს, როცა ის დახმარებას ითხოვდა ბუჩაში, ქალაქში, რომელიც ამჟამად კავშირს მოწყვეტილია.

ფაშა ლი უკრაინელი მსახიობი და ტელეწამყვანი იყო. დედამისი ზაკარპატიდანაა, მამა კი კორეელი, ყირიმიდან. როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ფაშას სურდა ყველა უკრაინელივით დახმარებოდა თავის ქვეყანას. მან ხალხი ომით გაჟღენთილი ტერიტორიიდან გამოიყვანა და მოკვდა.

ანატოლი ბერეჟნი, ემიგრანტი სევეროდონეცკიდან. ის ასევე დაეხმარა ირპენის მცხოვრებლებს ევაკუაციაში. ის სულ რაღაც 200 მეტრში იყო ავტობუსიდან, როცა მის ჯგუფს რუსული ნაღმი დაეჯახა.

ოლექსანდრა პოლონჩუკი იყო ცხოველთა უფლებების დამცველი, რომელიც ზრუნავდა ძაღლების თავშესაფარზე. ის ხერსონში გარდაიცვალა, როდესაც ჭურვი მის სახლს მოხვდა.

ორი მოხალისე, რომლებიც ხარკოვის მახლობლად მდებარე ეკოპარკში მშიერი ცხოველების გამოკვებას ცდილობდნენ, ამისთვის დახვრიტეს - მათი სახელები ჯერ არ ვიცით, მაგრამ აუცილებლად მალე გავიცნობთ.

ყველა ეს ადამიანი გადარჩენისა და სხვების დახმარების მცდელობებში დაიღუპა. მინდა იცოდეთ მათ შესახებ. მინდა პატივი მივაგო ყველა დაღუპულ და ცოცხალ მოხალისეს.

ახლა ისინი ჯარის ტოლფასნი არიან და ჩვენი ქვეყანა მხრებით უჭირავთ. ისინი პოულობენ საბრძოლო მასალას სამხედროებისთვის, ატარებენ ჰუმანიტარულ ტვირთებს და ცეცხლის ქვეშ მყოფ ადამიანებს ევაკუირებენ.

მათი იარაღი მათი დიდი გულია და მტერი ყოველ წუთს უმიზნებს მას. მაგრამ ის მათ ვერ შეაჩერებს. დღეიდან ყველა უკრაინელი რაღაცნაირად მოხალისეა. უსასყიდლოდ კვებავენ და ასახლებენ ადამიანებს. გაქცეული ან გარდაცვლილის ნაცვლად სამსახურში მიდიან.

ბოლო წამალს უზიარებენ და მარტოხელა და სუსტ მეზობლებს სტუმრობენ. ისინი უვლიან მიტოვებულ და დაკარგულ შინაურ ცხოველებს.

ყოველდღიურად ჩნდება ახალი კითხვები საქალაქო და საშინაო ჩეთებში: "გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ? როგორ შემიძლია დაგეხმაროთ?. აი, როგორ შეგიძლიათ დახმარება: უბრალოდ ცოცხლები იყავით, გთხოვთ. გევედრებით, იცოცხლეთ!" - წერს ზელენსკა.