1749642488
კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად აფეთქების ტალღამ წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი დააზიანა

კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად აფეთქების ტალღამ წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი დააზიანა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ამის შესახებ კულტურის მინისტრი ნიკოლაი ტოჩიცკი ავრცელებს ინფორმაციას.
„ღამით მტერმა ისევ დაარტყა ჩვენი იდენტობის გულს. დაზიანდა სოფიას ტაძარი კიევში – სიწმინდე, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს. აფეთქების ტალღამ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის მთავარი აფსიდის კარნიზის ნგრევა გამოიწვია. ეს მე-11 საუკუნის ტაძარი მთელი უკრაინის სულია“, – წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.
ტაძრის მდგომარეობის შესწავლა და ფიქსაცია სპეციალისტებმა და საგამოძიებო-ოპერატიულმა ჯგუფმა ჩაატარეს. კულტურის სამინისტრო აღნიშნავს, რომ აფეთქებების შედეგად გამოწვეულმა ნებისმიერმა ვიბრაციამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ძეგლის კონსტრუქციის მთლიანობას.
კულტურის სამინისტროს ცნობით, ღამით დარტყმა განხორციელდა ოდესის კინოსტუდიაზეც, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უძველესი კინემატოგრაფიული ცენტრია. მთლიანად განადგურდა ერთ-ერთი ფილმის დეკორაციები. დაცვის ოპერატიული მოქმედებებით, ხანძრის ჩაქრობა მოხერხდა. იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.