EXCLUSIVE: ვინ არის ქართველი ემიგრანტი, რომელიც აშშ-ში საპროტესტო აქციებს აწყობს - მისი სახელი ამერიკულ მედიაში ერთი კვირაა ტრიალებს

bachana ciklauri

ნიუ-იორკის შტატის ერთ-ერთი ქალაქი საქართველო-უკრაინის დროშებით აჭრელდა. თითქოს ამაში უჩვეულო არაფერია - უკრაინაში რუსეთი შეიჭრა და უკვე ერთ თვეზე მეტია უკრაინელები თავისუფლებისთვის იბრძვიან... თითქოს არც საქართველოს ხუთჯვრიანი დროშების გადმოფენაა ლოგიკას მოკლებული, როცა ჩვენი პატარა ქვეყნის 20 პროცენტი ახლაც ოკუპირებულია... 

თუმცა, სასიამოვნოდ საოცარი ფაქტი კი ნამდვილად არის, რომ რუსის ჩექმით გათელილი ორი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩართული საქართველოს და უკრაინის სახელმწიფო სიმბოლიკები დროშების სახით ქალაქ სარანაკ-ლეიქის შენობებიდან გადმოფენა, ერთ ქართველ ახალგაზრდა მამაკაცს უკავშირდება.

მისი სახელი და გვარი ამერიკულ მედიაში უკვე ერთი კვირაა ტრიალებს, მასზე სტატიები იწერება და ადგილობრივები ახალგაზრდა ქართველს, რომელმაც რუსული ოკუპაციის გაკვეთილები კარგად იცის, ჟურნალისტებს ჯერ საქართველოზე ესაუბრება და შემდეგ - უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციაზე. 

ექსკლუზიურად "პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ ამ ქალაქში მცხოვრები  ერთადერთი ეთნიკური ქართველი მერიაში ინიციატივით შევიდა - თავისი მატერიალური სახსრებით საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინის დროშები ქალაქის მასშტაბით გამოეფინა. 

მერის გადაწყვეტილებით კი, ბაჩანა წიკლაურის ინიციატივას ფრთები შეესხა - ქალაქის ადმინისტრაციამ ბიუჯეტიდან გამოყო საჭირო თანხა და ახლა, სარანაკ-ლეიქში ბაჩანას სამშობლოს დროშებთან ერთად ლურჯ-ყვითელი დროშებიც ფრიალებს. 

28 წლის ბაჩანა წიკლაურმა საფუძველი ერთგვარ საპროტესტო ტურნეს დაუდო - მისი საცხოვრებელი ქალაქის შემდეგ, უკრაინის მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი ოლბანში შედგა, სადაც ეთნიკური უკრაინელები ცხოვრობენ და უკრაინული ეკლესიაცაა. 

ახლა, ბაჩანა წიკალური უკრაინული ეკლესიას ეხმარება, რომელიც ჰუმანიტარულ ტვირთს საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში გზავნის. 

ახალგაზრდა ფინანსისტს "პრაიმტაიმი" ესაუბრა, როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მან საქართველო აგვისტოს შემდეგ დატოვა, აშშ-ში განათლება მიიღო და ახლა, საკმაოდ წარმატებული კარიერაც აქვს, ერთ-ერთ ინსტიტუტში ფინანსურ დეპარტამენტში მუშაობს. 

ბაჩანა წიკლაური სამშობლოდან ოკეანის მიღმა კონკრეტული მიზნით იმისთვის წავიდა, რომ დაბრუნებულიყო... მის გეგმაში შტატებში მიღებული ცოდნისა და დაგროვილი გამოცდილების საქართველოსთვის გამოყენებაა. 

"ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ სარანაკ-ლეიქში ვცხოვრობ, 28 წლის ვარ. ამერიკაში აგვისტოს ომიდან ერთი წლის შემდეგ განათლების მისაღებად წამოვედი, მაშინ სკოლაში ვსწავლობდი, დავამთავრე სკოლა, კოლეჯი, ინსტიტუტი. ჩემი პროფესია ფინანსები და ბუღალტერიაა, ახლა ჩემივე პროფესიით ერთ-ერთ ინსტიტუტში ვმუშაობ. 

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, როგორც ქართველს, რა თქმა უნდა, დიდი პროტესტი მაქვს. ჩვენ კარგად ვიცით რუსული ოკუპაცია, ომი, გახლეჩილი ტერიტორიები და სხვა სირთულეები, რომლებიც მიზნად ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფას ისახავდა.   

ამ პროტესტმა ქალაქის მერიამდე მიმიყვანა. როცა მერმა გაიგო, რომ ჩემი ფინანსებით ქალაქის შენობებიდან უკრაინის და საქართველოს დროშებით გადმოფენა მინდოდა, თქვა, რომ ორივე ქვეყნის დროშებს ადმინისტრაცია თავად ააფრიალებდა და ასეც მოხდა.

მე ჩემს მეგობარ გოგონასთან ერთად  აქცია-პერფორმანსების ორგანიზება დავიწყე. ჩვენი ქალაქის შემდეგ, აქცია მეზობელ ქალაქში, ოლბანში გავმართეთ, სადაც უკრაინელებიც ცხოვრობენ და იქ უკრაინული ეკლესიაცაა. ჩემმა მეგობარმა სამკერდე ნიშნები დაამზადა, ამერიკელებმა იყიდეს და 1 500 დოლარზე მეტი ასე გამოვიმუშავეთ, რომელიც სწორედ ამ ეკლესიას გადავურიცხეთ, რადგან ძალიან ძვირი ჯდება იმ ჰუმანიტრაული ტვირთის გაგზავნა უკრაინელებისთვის, რომლებსაც ეკლესია გზავნის. 

მართალია, მე და ჩემი მეგობრები ოდესაში, ერთ კონკრეტულ ადამიანებს გარკვეულ თანხას ვუგზავნით, რათა იქ მყოფ უმწეო მოხუცებს და მრავალშვილიან ოჯახებს საკვებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით დავეხმაროთ, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ მგონია. ამიტომ, ისე ვუდგავართ ჩემს ქვეყანას და ახლა, უკრაინას გვერდით, როგორც შეგვიძლია.  

- როგორია თქვენი მიზნები, აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

- რა თქმა უნდა, აუცილებლად დავბრუნდები. ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი აშშ-ში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების ჩემი საქართველოს წინსვლისთვის წვლილის შეტანაა. ამიტომ, აუცილებლად დავბრუნდები. როცა ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებია, ვცდილობ, ყოველთვის საქართველოში ვიყო ხოლმე. ჩემი თანამემამულეები ხშირად მაკრიტიკებენ - შენ რა გიჭირს ამერიკაში ხარ და პოლიტიკურად აქტიურობ, მეტი საქმე არ გაქვსო?! კითხულობენ.

მე მთავარი საქმე სახელმწიფოს მხარდაჭერა მგონია და ეს ჩემი მთავარი ღირებულებაა. ჩემი ოცნება რუსული იმპერიალისტური მარწუხებისგან ბოლომდე თავისუფალი საქართველოა, ამიტომ აპოლიტიკური ვერ ვიქნები. 

- რას ეტყოდით მათ, ვინც თვლის, რომ ამერიკა ქართველობას გვართმევს?

- ამერიკაში ვარ უკვე 12 წელია, არც ჩემი სამშობლოს სიყვარული დამიკარგავს, არც ჩემი ქრისტიანობა და არც ტრადიციების პატივისცემა. პირიქით, სწორედ პატრიოტიზმი მაიძულებს, დავბრუნდე საქართველოში და თუ რამ მინახავს, მისწავლია ან გამომიცდია, ყველაფერი ჩვენს ქვეყანას მოვახმარო.

ძალიან ვწუხვარ, რომ ბოლო პერიოდში, ჩვენს ქვეყანაში პრორუსული ძალები მოძლიერდნენ და ორგანიზაციაც კი შექმნეს. მიკვირს იმ ადამიანების, ვინც მათ პათოსს იზიარებს და განსაკუთრებით მათი, ვინც სწორედ რუსეთის ოკუპაციის გამო სახლები დაკარგეს, ახლობლები დაეღუპათ და დევნილები გახდნენ. 

ვფიქრობ, გამოსავალი სწორ განათლებაშია, რათა რუსული პროპაგანდით დატყვევებული ტვინები გაულღვეთ და სახელმწიფოებრივად იაზროვნონ. კარგი განათლება ჩვენი თავისუფლების აუცილებელი პირობაა.