Exclusive: „თამუნა არ გეგონოს, რომ დამავიწყდა, არ გეგონოს რომ „გადაგაგდე“ - ვინ არის ქართველი ხატმწერი, რომელსაც უკრაინელმა ალექსეიმ ომამდე ხატის დაწერა სთხოვა

xatmceri

რწმენის, სიმტკიცის, პასუხისმგებლობის და ყველაზე უიმედობის დროს, იმედიანობის საოცარ მაგალითზე ხატმწერი, რესტავრატორი თამარ გოჩიაშვილი საუბრობს. 

ამ ისტორიას ორი გმირი ჰყავს - უკრაინელი ოლექსეი და ქართველი თამარ გოჩიაშვილი. მანამ, სანამ უკრაინაში ჯერ კიდევ მშვიდობა იყო, სანამ რუსის ჩექმა ამ ქვეყნის თავისუფლების საზღვრამდე მიაღწევდა, სანამ უკრაინელები მშვიდობისთვის ლოცულობდნენ, კიეველმა ოლექსეიმ ქართველ ხატმწერს მიაგნო და ბასილ ხერსონელის ხატის დაწერა სთხოვა. 

მალევე უკრაინის მიწაზე რუსული ჭურვები ცვენა დაიწყო, სულ რამდენიმე დღეში მშვიდობიანი მოქალაქეები მშვიდობას დროებით გამოემშვიდობნენ და ქვეყნის ერთიანობისთვის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს. 

ქართველი ხატმწერით მოხიბლულ უკრაინელს მშობლები ამ დროისთვის, მთელ მსოფლიოში ყველაზე ცხელ წერტილში - მარიუპოლში ჰყავდა, ოლექსეი მათთან წავიდა, თუმცა მარიუპოლიდან ცოცხალი მხოლოდ ის დაბრუნდა, მშობლების უკანასკნელი განსასვენებელი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში აღმოჩნდა... 

ოლექსეი არსად ჩანდა... მასთან კავშირი შეწყდა. ხატმწერმა არაერთხელ სცადა მისი მოკითხვა, მაგრამ ტელეფონი გამორთული იყო. ალბათ, იფიქრა, რომ მისი სიცოცხლეც შეწყდა... 

ომს შეწირული მშობლების შვილმა მარიუპოლიდან დილის 5 საათზე გამოაღწია, მაშინვე ლავრაში წავიდა და იქ მოღვაწე სასულიერო პირის მეშვეობით თამარს დაურეკა - მან ბოდიში მოუხადა, რომ დროებით ხატმწერს ვერ უკავშირდებოდა, ბოდიში მოუხადა, რომ ამ დრომდე ხმა ვერ მიაწვდინა, ბოდიში მოიხადა კაცმა, რომლის ქვეყანასაც ბოდიშს მთელი ცივილიზებული სამყარო უსუსურობისთვის უხდის... 

ამ მოკლე სატელეფონო ზარის დროს გადაწყდა, რომ თამარ გოჩიაშვილი ოლექსეის თხოვნას შეასრულებს და მას ბასილ ხერსონელის ხატსაც დაუხატავს და მისი მშობლების სულების უკვდავსაყოფად მარიუპოლის წმინდა გიორგის ხატის ავტორობასაც იტვირთავს. 

თამარ გოჩიაშვილი „პრაიმტაიმს“ უმხელს, რომ ის ალექსეის სანუკვარ ოცნებას - ქართულ-უკრაინული ქრისტიანობისთვის დამახასიათებელი ტექნიკით, ჭედურობით, ხეში გამოკვეთილ ხატებს საჩუქრად გადასცემს... 

„ომამდე ერთი კვირით ადრე, უკრაინიდან ერთმა ადამიანმა დამირეკა, გამეცნო და მითხრა, რომ მისთვის ხატი დამეწერა. ვისაუბრეთ, შევთანხმდით და ამის მერე კიდევ ორჯერ ვისაუბრეთ. აღმოვაჩინეთ საერთო მეგობრებიც. უკრაინაში ჩემი რამდენიმე ნათესავი კარგად სცნობია.

იმასაც გაუხარდა და მეც. რა პატარაა მსოფლიო, ორივემ ვთქვით და დავემშვიდობე... დაიწყო ომი.

მეორე დღესვე მოვიკითხე ალექსეი, როგორც სხვა ნაცნობ-მეგობრები. არ მიპასუხა. ერთ კვირაში დავურეკე, ტელეფონი უკვე გათიშული ჰქონდა. გაგანია სასაკლაოა უკრაინა, რა გინდა იფიქრო? არაფერი კარგი. სულ ვწუხდი, ვურეკავდი, გათიშული იყო მისი ნომერი...

სამი დღის წინ ზარი გაისმა. ალექსეი რეკავდა, ვერ შევიკავე თავი, თან მეტირებოდა, თან ხმამაღლა ვყვიროდი, ვეფერებოდი, სიტყვებს ვერ ვპოულობდი...

მიხდის ბოდიშს! თამუნა არ გეგონოს, რომ დამავიწყდა, არ გეგონოს რომ „გადაგაგდე“, ყველაფერი ძალაში რჩება. მე კიევში ვცხოვრობ, მაგრამ მშობლები მარიუპოლში იყვნენ, წავედი მათ გამოსაყვანად და ვეღარ გამოვაღწიეთ. მშობლები დამეღუპა. მე დღეს გამთენიისას გამოვედი და გირეკავ. რომ გითხრა, არ ვაუქმებ ჩემს შეთანხმებას, ახლა უკვე ჩემი მშობლების სახელზეც... მარიუპოლისთვის...

მას ბასილ ხერსონელის ხატის დახატვა სურდა, მერე მარიუპოლის წმინდა გიორგის ხატის დაწერაც მთხოვა. საოცარი კი ის იყო, რომ კაცმა, რომელმაც ორივე მშობელი დაკარგა, რომლებიც მარიუპოლში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაკრძალა, ამ ცხელი წერტილიდან სასწაულებრივად გამოსული, დილის 5 საათზე ლავრაში წავიდა და ჩვენი საერთო ნაცნობის მამა გაბრიელის მეშვეობით ჩემი ნომერი იპოვა და დამირეკა. 

შემძრა, ენა ჩამივარდა, ამ ემოციას ვერ გადმოგცემთ რა იყო. ამხელა ტრაგედიის მერეც კი, მისმა შინაგანმა კულტურამ და წესიერებამ, მისმა პატიოსნების ღერძმა და კონსტიტუციამ გამაოგნა... ამ ხალხს ვერასოდეს დააჩოქებთ, მასზე ვერ გაიმარჯვებთ...

ოლექსეი, აუცილებლად აგისრულებ, აუცილებლად და ნება მომეცი ეს ხატი ერთად ჩავიტანოთ მარიუპოლში, 

მე მას საჩუქრად გადავცემ ამ ხატებს და ეს ჩემთვის პატივი იქნება." - ამბობს თამარ გოჩიაშვილი.