„ძალიან რთულია მებრძოლი შვილის დედობა“ - გაიცანით ქართველი მებრძოლი, რომელსაც დედა ემიგრაციაში, სამშობლოში კი 4 ობოლი ჰყავს

კვიჟინაძე

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 1 თვე და 1 კვირა გავიდა. ცხელი წერტილიდან ქართველი მებრძოლების გმირობების შესახებ გარკვეულ ცნობებს შეძლებისდაგვარად ვიღებთ. აღსანიშნავია, რომ მათი რიცხვი, ვისაც ომში წასვლა სურს, დღითი დღე მატულობს.

„პრაიმტაიმი“ დედის მეშვეობით გაგაცნობთ ქართველ მებრძოლს, რომელსაც დედა ემიგრაციაში, სამშობლოში კი უდედოდ დარჩენილი 4 შვილი ჰყავს. მალხაზ კვიჟინაძესთან ერთად ქართველი გმირები, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი იბრძოდნენ.

ირა ვირსალაძე უკვე 13 წელია საბერძნეთში იმყოფება, ზუსტად ამდენი წელია, რაც ოჯახი არ უნახავს.

„ჩემი შვილი 40 წლისაა, ჰყავს 4 შვილი. 4 თვის წინ, მძიმე სენით მეუღლე გარდაეცვალა.  ომი რომ დაიწყო, პოლონეთში იმყოფებოდა, 28 თებერვალს კი უკრაინაში გადავიდა.

ძალიან განვიცადე და ვთხოვდი, არ წასულიყო, მაგრამ არ დამიჯერა. მანამდე, იყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში, ომის დაწყების დღიდან. მსახურობდა ე.წ. კომანდოს ჯარში, მე-4 ბრიგადაში. შემდეგ იყო უკრაინის ჯარში, იქ მიიღო კონტუზია და დაბრუნდა საქართველოში.

კვირაში 2-3-ჯერ მირეკავს. მეუბნება, რომ კარგადაა და არ ვინერვიულო. ძალიან რთულია მებრძოლი შვილის დედობა. 24 საათი ველოდები როდის მომწერს, რომ ცოცხალია. ძალიან ვნერვიულობ ოთხი ობოლი ჰყავს დატოვებული.

რა ვთქვა. ვგმობ ომს და უდანაშაულო ხალხის ხოცვას. ღმერთმა მშვიდობა ქნას უკრაინაში, საქართველოში და მსოფლიოში“, - გვიყვება ირა ვირსალაძე.