კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
ათობით რუსი არტისტი, ტელეწამყვანი და სხვა ცნობილი სახე უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო მოქმედებებს გამოეხმაურა.
ზოგი ღიად დაუპირისპირდა ქვეყნის პირველ პირს: ჩაწერეს ვიდეოები, გაავრცელეს ვრცელი პოსტები, მიმართეს პუტინს, რომ შეეწყვიტა ეს ომი, რადგან არავის სჭირდება და უამრავი უდანაშაულო ადამიანი იწირება. ზოგიც შეფარვით, მოკრძალებულად, „ვალის მოხდის“ მიზნით გამოეხმაურა მიმდინარე მოვლენებს.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებებს ეწინააღმდეგებიან ტელეწამყვანები: ივან ურგანტი, ანასტასია ივლეევა, ქსენია სობჩაკი;
მომღერლები: იური შევჩუკი, სერგეი ლაზარევი, ვალერი მელაძე, ივან დორნი, მანიჟა, თეონა კონტრიძე, ფეხბურთელი ფიოდორ სმოლოვი, მოჭადრაკე იანჩი ნეპომი.
მსახიობები: ჩულპან ხამატოვა, დანილა კოზლოვსკი, ირინა სტარშენბაუმი, მარინა ზუდინა, კატერინა შპიცა, დარია პოვერენნოვა, ალიკა სმეხოვა.
მწერლები: ალექსანდრე ციპკინი, ბორის აკუნინი, კომიკოსები ალექსანდრე დოლგოპოპოვი, დენის ალიენი და სხვები.
ვინ როგორ გამოეხმაურა, გთავაზობთ განცხადებების ნაწილს:
ქეთა თოფურია: რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა Instagram-ზე დადო ფოტო წარწერით: „არა ომს“.
ვალერი მელაძემ ემოციური ვიდეომიმართვა გაავრცელა: დღეს მოხდა ის, რაც არასდროს უნდა მომხდარიყო. ისტორია ოდესმე განსჯის და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. მინდა გთხოვოთ, გევედრებით, შეწყვიტეთ საბრძოლო მოქმედება.
თეონა კონტრიძე: მორჩა, ხუმრობები დამთავრდა... უკრაინასთან ომი დაიწყო. ჩვენ არავინ მოგვისმენდა, ნუ, არც უკითხავთ. დილის 7 საათიდან ვტირი. ჩემი გონება პარალიზებულია. ვშიშობ და ვნერვიულობ ჩემს უსაყვარლეს მეგობრებზე, კიეველებზე, ოდესელებზე, ლვოველებზე, ხარკოველებზე, ივანო-ფრანკოვსკელებზე, ჩერნოვცელებზე, ზაპაროჟიელებზე, პლტაველებზე..
მე ისინი ძალიან ბევრი მყავს და მე მათ ვაღმერთებ და ვერანაირი ძალა ვერ მაიძულებს ისინი მტრებად აღვიქვა. თქვენ ხართ ჩემი მეგობრები - იყავით, ხართ და იქნებით! არ მაქვს ძალა ვთქვა ქართული სადღეგრძელო. ისევ შევბრუნდები ნიკოლაი სასწაულმოქმედის ხატისკენ და შევთხოვ, რომ შეწყდეს ძმათამკვლელი ომი. ვიჯდები მოსკოვის ავტობუსის გაჩერებაზე და დაველოდები, როდის დასრულდება ეს საშინელება!
მაქსიმ გალკინი: დღეს დილიდან ვარ კავშირზე ჩემს ახლობლებთან და მეგობრებთან უკრაინაში. სიტყვებით ვერ გადმოვცემ რას ვგრძნობ ახლა. როგორ არის ეს ყველაფერი შესაძლებელი? ამ ომს გამართლება არ აქვს! არა ამ ომს!“წერს რუსი ხელოვანი მაქსიმ გალკინი სოციალურ ქსელში
ბორის აკუნინი: ბოლომდე ვერ ვიჯერებდი, რომ პუტინი ამ აბსურდულ ომს დაიწყებდა და ვცდებოდი. ყოველთვის მჯეროდა, რომ საბოლოოდ გონება გაიმარჯვებდა. შევცდი, სიგიჟემ გაიმარჯვა. ხალხი კვდება, სისხლი იღვრება. რუსეთს მართავს ფსიქიკურად შეშლილი დიქტატორი და, რაც ყველაზე ცუდია, ის კეთილსინდისიერად მიჰყვება მის პარანოიას. მე ვიცი, რომ პუტინლანდია და რუსეთი ერთი და იგივე არ არის, მაგრამ ახლა სხვაობა არ არის.
ივან ურგანტი: შიში და ტკივილი. არა ომს!
სერგეი ლაზარევი: ერთი კვირის წინ შვილმა ტირილით გაიღვიძა. რომ ვკითხე, რა მოხდა მეთქი, ჩემმა 7 წლის ბიჭმა მიპასუხა, მამა, ომის მეშინიაო. ვუთხარი, „რას ამბობ, დამშვიდდი, ომი არ იქნება“. და აჰა, დღეს ნამდვილი ომი დაიწყო. ამის დედაც, რას აკეთებთ?.. მიეცით ხალხს ცხოვრების საშუალება, არავის უნდა ომი“.
ვერა ბრეჟნევა: არასდროს დამიყვია ჩვენი ერები. არც მაშინ, როდესაც ათასობით ადამიანსა და ბავშვს ვეხმარებოდი. ჩემი დედა და ბებია რუსები არიან. მამა და ბაბუა უკრაინელები. ორივე ხალხი ჩემი წინაპრები და ჩემი სისხლია. დავიბადე და ვცხოვრობ უკრაინაში. ახლა კი ყველა გაჭირვებულ მდგომარეობაში ვართ. 32% რუსი გამომწერი მყავს ინსტაგრამზე. მინდა, იცოდეთ სიმართლე და თუ რაიმეს გაკეთება შეგიძლიათ, გააკეთეთ. ბოლო მომენტამდე არ გვჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა. მაგრამ მეხუთე დღეა ომში ვართ. სულ უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება. სულ უფრო მეტი სახლი, სკოლა, საბავშვო ბაღი ნადგურდება. მე ახლა უსაფრთხოდ ვარ ბავშვებთან ერთად, მაგრამ ჩემი ქმარი და დედა, ჩემი უმცროსი დის ოჯახი ბომბებს კიევში, სარდაფებში ემალებიან, რადგან საომარი მოქმედებები მიმდინარეობს კიევში და სხვა ქალაქებში. თითოეული უკრაინელი ეხვეწება რუს ჯარისკაცებს - არ მოხვიდეთ, არ მოგვკლათო. ამ ომს აზრი არ აქვს. მას არ აქვს საბაბი. ვერ გააგრძელებ… შეაჩერე ომი!