1736856330
ანდრეი სიბიგა: უკრაინისთვის ერთადერთი ეფექტური გარანტია NATO-ში გაწევრიანებაა, მაპატიეთ ცინიზმისთვის, მაგრამ ეს არის ასევე ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად NATO-სთვის იაფი ვარიანტი
უკრაინა ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებს კვლავ გამორიცხავს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ „ევროპეისკა პრავდასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „ომის სწრაფად დასრულების“ განცხადების ფონზე, ანდრეი სიბიგამ აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავ მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე და არ აპირებს რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებს.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანება უსაფრთხოების ერთადერთ რეალურ გარანტიას წარმოადგენს.
„უკრაინისთვის ერთადერთი ეფექტური გარანტია ნატო-ში გაწევრიანებაა. უფრო მეტიც, უკრაინის გაწევრიანება არის ნატო-ს უსაფრთხოების გარანტია. გარდა ამისა, უკრაინის სრულუფლებიანი გაწევრიანება, მაპატიეთ ცინიზმისთვის, არის ასევე ყველაზე იაფი ვარიანტი ნატო-სთვის ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა სიბიგამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ალტერნატიული გარანტიების შესახებ, რომელიც უკრაინას შეიძლება შესთავაზონ, მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ეტაპი უკვე გაიარეს.
„ჩვენ უკვე გავიარეთ ალტერნატიული ვარიანტები. ვნახეთ, როგორ ჩაიშალა ბუდაპეშტის მემორანდუმი. ნებისმიერი „ნაცრისფერი ზონების“ შექმნა მხოლოდ შემდგომ გამწვავებას იწვევს. ამიტომ, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ჩვენი სახელმწიფოსთვის უცვლელი პრიორიტეტი და უსაფრთხოების ერთადერთი ეფექტური გარანტიაა“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ანდრეი სიბიგამ 2008 წლის ბუქარესტის სამიტი გაიხსენა, სადაც ვლადიმერ პუტინი ევროპელ ლიდერებს უკრაინის ოკუპაციით პირდაპირ დაემუქრა.
„როგორც ვიცით, ალიანსმა მაშინ გამოიჩინა სისუსტე და ისტორიული ახლომხედველობა. და რა ვნახეთ შემდეგ? რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, შემდეგ ყირიმის ოკუპაცია და ანექსია, ახლა კი სრულმასშტაბიანი ომი გვაქვს. დაუშვებელია ამ შეცდომების გამეორება. ჩვენ გვჭირდება ძლიერი გადაწყვეტილებები, რომლებიც შექმნის სტრატეგიულ გარანტიებს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და ეს არის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება“, – აღნიშნა ანდრეი სიბიგამ.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის ეროვნული ინტერესია მოლდოვასთან ერთად გახდნენ ევროკავშირის ნაწილი.
„ჩვენ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ასევე მოლაპარაკებების დაწყებაზე. კოორდინაციაში ვართ მოლდოვასთან და ერთად მივდივართ ამ გზაზე. მჯერა, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესია ერთობლივად მივაღწიოთ ამ მიზანს, გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.
ამავე ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ კიევი არ განიხილავს დათმობებს გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით კიევი დათმობებს არ განიხილავს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან შერიგების მიზნითაც.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა უკრაინას რუსული გაზის ტრანზიტის განახლება, იმის გამო, რომ ამან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან მწვავე კონფლიქტი გამოიწვია, რომელსაც ევროკავშირსა და ნატო-ს დონეზე უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ერთი ხმა აქვს.
„გაზის ტრანზიტი პირველი იანვრიდან შეწყდა, რაზეც უკრაინულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა უმაღლეს დონეზე. მისი აღდგენა არ იგეგმება. ევროპულ მხარეს ჩვენი პოზიცია ვაცნობეთ. ეს პოზიცია უცვლელია“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.
მისი თქმით, უკრაინასა და სლოვაკეთს შორის თანამშრომლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ გაზის საკითხით.
„არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ რუსეთი ენერგიას, როგორც იარაღს იყენებს. ის გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს ვიღაცას მტკივნეულად ეჩვენება, მომავალში პოზიტიურ როლს შეასრულებს. გაზის საკითხში რუსეთზე დამოკიდებულება კარგად არ სრულდება, ეს უკვე გამოვიარეთ და ვიცით, რომ საფასური, რომელსაც შემდეგ რუსეთი წარადგენს ხოლმე, ძალიან მაღალია. ზოგჯერ ამ გაზის საფასურია სუვერენიტეტი ნაწილი, ამიტომაც არსებობს კეთილმეზობლური ურთიერთობები, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“, – განმარტა ანდრეი სიბიგამ.
მისივე თქმით, ავსტრიამ, რომლისთვისაც ტრანზიტის შეწყვეტა ასევე, ცუდი ამბავია, ალტერნატიული მიმწოდებლები იპოვა და ახლა რუსული გაზზე დამოკიდებული აღარ არის.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინამ თეთრი სახლის მომავალი ადმინისტრაციის უმაღლესი ხელმძღვანელობა კიევში უკვე მიიწვია.
ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-ში ცვლილებებს „დამატებით შესაძლებლობად“ განიხილავს და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს პირდაპირი კონტაქტები აქვს თეთრი სახლის მომავალ ადმინისტრაციასთან.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა გააცნობიეროს, რომ უკრაინის უსაფრთხოება ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების განუყოფელი ელემენტია, რომ ჩვენ საერთო ინტერესი გვაერთიანებს. ძალიან გვინდა, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის უმაღლესი წარმომადგენლების პირველი ვიზიტები უკრაინაში მოხდეს და ამის შესახებ სიგნალებს ვუგზავნით ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და მოკავშირეებს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ანდრეი სიბიგას ასევე ჰკითხეს, სად დაუშვებს უკრაინა პოტენციური ყოვლისმომცველი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩატარებას, რომელშიც დონალდ ტრამპი აპირებს მონაწილეობის მიღებას, თუ ეს არ იქნება კიევი.
„დაინტერესებული ვართ, პრეზიდენტის ვიზიტით. მაგრამ მთავარია არა ადგილი, არამედ შედეგი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი შეხვდეს პრეზიდენტ ტრამპს. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. შემდგომ გადავწყვეტთ მომავალ ნაბიჯებს, რომ მივაღწიოთ ჩვენს საერთო მიზანს – სამართლიან მშვიდობას“, – განაცხადა სიბიგამ.