ამერიკა არ გზავნის ჯარებს უკრაინაში რუსეთთან საბრძოლველად - კამალა ჰარისი

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის განცხადებით, ამერიკა არ გზავნის ჯარებს უკრაინაში რუსეთთან საბრძოლველად. ამის შესახებ მან NBC-ის ეთერში განაცხადა.

მისივე შეფასებით, ის, რაც უკრაინაში ხდება, არის პრობლემა, რომელსაც „ჩვენ ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან ეს საშინელებაა და წარმოადგენს ყველა სტანდარტისა და პრინციპების დარღვევას“. 

„რის გაკეთებასაც არ ვაპირებთ, ეს არის, როგორც პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, ამერიკული ჯარების უკრაინაში გაგზავნა რუსეთთან საბრძოლველად როგორც ხმელეთზე, ისე ჰაერში. თუმცა, ჩვენ მტკიცედ ვართ მზად, დავიცვათ ნატოში ჩვენი ალიანსი და ჩვენი მოკავშირეები“, - განაცხადა კამალა ჰარისმა.

მისივე თქმით, ამერიკა ყურადღებით აკვირდება რუსეთის ქმედებებს და აფასებს, მოხდა თუ არა წინასწარგანზრახული თავდასხმა სამოქალაქო პირებზე და დაირღვა თუ არა საერთაშორისო სამართალი.

„ჩვენ შეწუხებულები ვართ და თვალს ვადევნებთ. სრულად ვაცნობიერებთ, რომ თუ არის წინასწარგანზრახული თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობაზე, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, მაშინ ეს სრულიადაც შესაძლებელია იყოს საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ასე რომ, ეს არის პრობლემა, რომელსაც ჩვენ ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეს საშინელებაა და წარმოადგენს ყველა სტანდარტისა და პრინციპების დარღვევას. ამიტომ ჩვენ, განსაკუთრებით ნატოს წევრი ქვეყნები, სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას“, - განაცხადა ჰარისმა.

მისივე თქმით, აშშ განაგრძობს უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე დაეხმარება მათ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი უკვე გრძნობს საპასუხო ეკონომიკური ზომების შედეგებს, რომელიც მის წინააღმდეგ ამერიკამ შემოიღო.

„ისტორია გვიჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინმა, ფაქტობრივად, საბოლოო ჯამში, გაამყარა ნატო და დაასუსტა რუსეთი“, - აღნიშნა ჰარისმა.

ის უკვე ესაუბრა ლატვიის, ლიეტუვის, სლოვენიისა და რუმინეთის ლიდერებს იმის შესახებ, თუ როგორ განაგრძობს ამერიკა თავისი მოკავშირეების დახმარებას.

მანვე შეაქო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და განაცხადა, რომ მან გამოიჩინა უჩვეულო ვაჟკაცობა და გახდა შთაგონების წყარო ყველასთვის.