პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საშინელებაა, 21-ე საუკუნეში ომის ქრონიკებზე გიწევდეს წერა. ომზე წერა, არც არასდროს იქნებოდა ბუნებრივი, მაგრამ მილენიუმში, როდესაც ადამიანი ტექნიკის „გაფრენებით“ წარმოუდგენელ მწვერვალებს აღწევს და აქვე, დროში გაყინული რუსეთი, კიდევ რომ მეზობელი ქვეყნების დაპყრობით საზარელ სისხლის ღვრას ახორციელებს, შოკის მომგვრელად მიუღებელია.
ჯო ბაიდენის ტონი კი ასეთია: "რუსი დიქტატორი ვერასდროს გაიმარჯვებს თავისუფალ სამყაროზე. მას თავისუფალი სამყარო პასუხს აგებინებს! პუტინი იზოლირებულია მთელი მსოფლიოსგან, ის ასეთი იზოლირებული არასდროს ყოფილა. მივმართავ მის კორუმპირებულ ლიდერებს და ოლიგარქებს, რომლებმაც ძალადობრივი რეჟიმით მილიარდობით დოლარი მიითვისეს. ჩვენ ამას დავასრულებთ! გამოვიძიებთ ოლიგარქების დანაშაულებრივ საქმიანობას, ბოლომდე ჩავყვებით მათ აპარტამენტებს, კერძო თვითმფრინავებს... ჩვენ ვკეტავთ შეერთებული შტატების საჰაერო სივრცეს რუსეთიდან ფრენებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს!"
ახლა კი ერთი "უბრალო" უკარინელი ბიჭის მიერ მონათხრობ ომის ქრონიკაზე.
23 წლის ოლეგ ბონდარენკო ჩემმა ქმარმა ლონდონში გაიცნო. ერთად მუშაობდნენ. ქართველ თანამშრომელს თვითონ დაუმეგობრდა და გამუდმებით ეკითხებოდა საქართველოზე. მებრძოლ და მამაც რაინდთა სამშობლოზე, სურდა მეტი და მეტი გაეგო, თურმე. აღფრთოვანება-გაოცებისაგან გულზე მჯიღს იცემდა, როდესაც გიორგი ანწუხელიძის ისტორია მოუსმენია...
მეოთხე წელია ერთმანეთი აღარ უნახავთ. და ახლა, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ქალაქები მიწასთან სწორდება და მეტროსადგურებში, ამ ერის გადარჩენის სიმბოლოდ, ახალი სიცოცხლე ჩნდება და ჩნდება, გოგას ოლეგი გაახსენდა. ის პატარა ძარღვიანი უკრაინელი, გვერდიდან რომ არ შორდებოდა, ანთებული თვალებითა და მონათესავე მდუღარე სისხლით.
მიწერა და მოიკითხა. პასუხი სამი დღის შემდეგ მიიღო. ბუნებრივია, ჩვენც, ისევე როგორც ყველა ქართველი, ამ ომის დაწყების დღიდან, უძილო ღამეების რეჟიმში ვართ. უკრაინელი ხალხით დადარდიანებულთ, ეს სისასტიკე გვტკივა.
აღმოჩნდა, რომ ოლეგს ხარკოვში სახლი დაუბომბეს და სარდაფში შეხიზნულმა, სიმწრის, ბრაზისა და ომის გემოდაგუბებულმა, როგორც კი მოახერხა და ძალები მოიკრიბა, გოგას მოწერა. მისი ნებართვით, გთავაზობთ ამ მონათხრობს.
„საშინელება ტრიალებს ყველგან. იბომბება ქალაქები, მიწასთან სწორდება ყველაფერი. წარმოიდგინეთ, დიდი ქალაქები უკაცრიელ ველებს დაემსგავსა. შენობა აღარ დატოვეს.
გუშინ კიევი და ხარკოვი სულ დაიბომბა. განურჩევლად ყველა შენობას აფეთქებენ და ანადგურებენ. საჰაერო თავდასხმები ახლდება და ახლდება“ - გვწერს ბონდარენკო.
როგორც ის ამბობს, დივერსანტები ესვრიან მანქანებს, მზად არიან დახოცონ ყველა, ვინც კი გადაეყრებათ.
ოლეგ ბონდარენკო: ტყვედ ჩავარდნილი რუსები ძალზე ახალგაზრდები არიან, რეზერვისტები, რომლებიც ამბობენ, რომ არც კი იცოდნენ, სად მოჰყავდათ. ორი თვეა ჯარში მსახურობენ, გამოუცდელებმა პირდაპირ ომში ამოჰყვეს თავი.
უკრაინელები ტყვედ ჩავარდნილებს ჩაის და ყავას ასმევენ. დაჭრილებს მკურნალობენ, მშობლებთან აკონტაქტებენ. ჩვენ ისევე ვექცევით ტყვეებს, როგორებიც ვართ. ადამიანურები... ჩვენ ხომ რუსები არ ვართ.
ვიგებთ ახალ ამბებს, მაგრამ ინტერნეტი შეზღუდულად გვაქვს. თავს სარდაფებს ვაფარებთ.
რუსები ჩვენებს არ უშვებენ, რომ ამ საომარ ადგილებს ხალხი გაარიდონ. მეტროსადგურებში და სარდაფებში ბავშვები იბადებიან. ამის პარალელურად იხოცებიან ქალები და ბავშვები...
მოსახლეობის ათი პროცენტის გარდა, უკრაინა არავის დაუტოვებია. ქალები და ბავშვებიც ქვეყანაში დარჩნენ... ჩვენ პატრიოტები ვართ! აქაურობის დატოვებას არავინ აპირებს.
გასვლა უკვე გვიანიც არის. გადაადგილდები და პირდაპირ გესვრიან, განურჩევლად ასაკისა და სქესისა.
საშინელებაა, როდესაც დაბომბილ საკუთარ სახლს უყურებ. აი, ეს ჩემი ოთახია...
ვიბრძვით შიშველი ხელებით, იბრძვიან ქალებიც. ამას ჩემი ვიდეოდანაც ნახავთ.
ამიტომ, დიდი მადლობა თანადგომისთვის, მხარდაჭრისთვის, მაგრამ ახლა ვერ ჩამოვალ. ჩემს უკრაინას ვერ დავტოვებ. აქ მშობლები და ძმა მყავს. შენ ასეთ დროს როგორ მოიქცეოდი?... ზაფხულში გესტუმრები, ახლა არ შემიძლია!