8-დღიანი ომის ქრონიკა - ცეცხლში გახვეული უკრაინის მძიმე დღეების დეტალები ფოტოებში

ომი

ზუსტად ერთი კვირის  წინ, გამთენიისას რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. როგორც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობდა, ეს სპეციალური „სამხედრო ოპერაცია“ იყო. ვიდეო მიმართვა, რომელიც პუტინმა 24 თებერვალს, 05:49 წუთზე გაავრცელა უკრაინელ სამხედროებს მოუწოდებდა - „დროულად დაეყარათ იარაღი და სახლში დაბრუნებულიყვნენ. მან ასევე, შეახსენა და დაემუქრა მსოფლიოს, რომ ბირთვულ იარაღს ფლობს და არცერთ „პოტენციურ აგრესორს“ ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ მას გაანადგურებენ. 

ამ წუთებში, ამ სტატიის წერის დროს, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კვლავ ბომბავს. მისთვის ბრძოლის ველია: სამშობიარო სახლი, საავადმყოფო, სადაც ონკოპაციენტები მკურნალობენ, სკოლა, საბავშვო ბაღი, საცხოვრებელი კორპუსი და ა.შ. ოკუპანტი არ ინდობს არავის. მათ შორის, საკუთარ ქვეყანაში ბავშვებს და არც მათ დაკავებისგან იკავებს თავს. 

ახლა, მთელი მსოფლიოს ყურადღება უკრაინაზეა მიმართული. თითქმის ყოველწუთიერად ახალი ამბავი ვრცელდება. ამ დღეების განმავლობაში, უამრავი ისტორია შეიქმნა და მრავალი მოვლენა მოხდა, რომელმაც მსოფლიო შეცვალა ან ცვლის.

„პრაიმთაიმი“ გთავაზობთ რუსეთ-უკრაინის დროს დასამახსოვრებელ ამბებს:

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში განცხადება გააკეთა და მსოფლიოს მოუწოდა, რომ რუსეთი მშვიდობისკენ აიძულონ. ასევე, დაწესებულიყო სანქციები და დახურულიყო საჰაერო სივრცეები.

„ვესაუბრე ჯო ბაიდენს, ოლაფ შოლცს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას, ბორის ჯონსონს. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეაჩერონ პუტინი, ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ. შევქმნათ ანტიპუტინური კოალიცია, დაუყოვნებლივი სანქციები, თავდაცვის და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინას. დახურეთ საჰაერო სივრცეები. მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი მშვიდობისკენ“.

ვლადიმერ პუტინის განცხადებიდან მალევე, სოციალურ ქსელში მშვიდობიანი მოქალაქის ფოტოები გავრცელდა, რომლებმაც უსაფრთხო ადგილის ძიებისთვის, საკუთარი სახლები დროებით დატოვეს.

მალევე, ცნობილი გახდა, რომ პუტინის ვიდეო, საიდანაც მსოფლიოს ომის დაწყება აცნობა, სამი დღით ადრე იყო ჩაწერილი.

Речь Путина об объявлении войны была записана еще вечером 21 февраля, в понедельник. Убедиться в этом можно, скачав видео с сайта Кремля и проверив его свойства. pic.twitter.com/ZRwgdwB8ni

— Новая Газета (@novaya_gazeta) February 24, 2022.

24 თებერვალს, ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში რუსული საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რადიაციულ ზონაში შევიდნენ.

„დამპყრობელთა ჯარები ბელორუსის ტერიტორიიდან შევიდნენ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ზონაში. ეროვნული გვარდიელები, რომლებიც იცავენ საშიში რადიოაქტიური ნარჩენების საწყობს, გულმოდგინე წინააღმდეგობას უწევენ", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ.

მინისტრის მრჩეველი მიიჩნევს, რომ ბირთვული ნარჩენების შესანახი ობიექტის განადგურების შემთხვევაში, რადიოაქტიური მტვერი შეიძლება გავრცელდეს როგორც უკრაინის, ასევე ბელორუსისა და ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე.

24 თებერვალს, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ჰაკერულმა ჯგუფმა, Anonymous-მა რუსეთს „კიბერომი გამოუცხადა". მათი განცხადებით, რუსული პროპაგანდისტული მედია Russia Today დაბლოკეს და უკვე რამდენიმე საათია, რაც RT-ს ვებგვერდები მიუწვდომელია.

Anonymous საერთაშორისო ჰაკერული დაჯგუფებაა, რომელიც 2003 წელს წარმოიშვა და აერთიანებს ჰაქტივისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. დაჯგუფება ცნობილი გახდა სამთავრობო, რელიგიურ და მსხვილ კორპორატიულ საიტებზე თავდასხმის შემდეგ.

ომის დაწყებიდან მეორე დღეს, სამხედრო დაჯგუფებამ დალიბანმა, რომელმაც ავღანეთზე კონტროლი დაამყარა, უკრაინას და რუსეთს კონფლიქტის „მშვიდობიანი გზით" გადაჭრისკენ „მოუწოდებს".

ძალადობრივი მმართველობით ცნობილი თალიბანი აცხადებს, რომ ყველამ მხარემ თავი უნდა შეიკავოს ისეთი მოქმედებებისგან, რაც ძალადობას გააძლიერებს.


 

ერთი ჯარისკაცის ისტორია

უკრაინელმა ჯარისკაცმა მტრის შესაჩერებლად ხიდის აფეთქება გადაწყვიტა. უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების განცხადებით, ამ გმირული საქციელით მან შეაჩერა მტრის გადაადგილება და თანამოძმეებს თავდაცვის საშუალება მისცა.

„მან ხიდი დანაღმა, მაგრამ გამოსვლა ვერ მოასწრო. თანამოძმეების თქმით, ვიტალი კონტაქტზე გამოვიდა და აცნობა, რომ ხიდს აფეთქებდა. აფეთქება მაშინვე მოხდა. ჩვენი თანამოძმე დაიღუპა", - აცხადებს შტაბი.

ზელენსკი კიევში რჩება...

ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის მთავრობა მზად არის დაეხმაროს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიევის დატოვებაში, რათა თავიდან აიცილოს ტყვედ ჩავარდა ან სიკვდილი.

ზელენსკის თქმით, ქვეყნის დატოვებას არ აპირებს.

კიევის მეტროში მატარებლების მოძრაობა შეჩერდა, ის დროებით თავშესაფრად გადაკეთდა

„მეტრო გადავიდა თავშესაფრის რეჟიმზე, ტრანსპორტირება არ განხორციელდება", — განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.


უკრაინის თავდაცვის მინისტრის სელფი პრეზიდენტთან

„უკრაინელების შეშინებას აზრი არ აქვს. ჩვენი ქვეყნის მცველი კაცებისა და ქალების გატეხვა არ გამოვა. მით უმეტეს არ გამოვა, გვაიძულონ დედაქალაქის დათმობა. წარმოუდგენლად მძიმე საათებია, მაგრამ გაივლის. ზეგ უკვე გაზაფხულია. უკრაინა გაიმარჯვებს. უკვე იმარჯვებს! ჩვენს მიწაზე მოსული მტერი გარკვეული მიმართულებით წავა. ამიტომ, ოკუპანტებს სახლში წასვლას ვურჩევთ. სანამ გვიანი არ არის", — წერა ალექსეი რეზნიკოვი.

კუნძულ ზმეინი

24 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გველების კუნძულზე, რომელსაც რუსები დღის განმავლობაში ბომბავდნენ, 13 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში აღნიშნული იყო ისიც, რომ ოკუპანტებმა მთლიანად გაანადგურეს კუნძულის ინფრასტრუქტურა - შუქურა, კოშკები, ანტენები და ა.შ.

რამდენიმე დღის შემდეგ კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუნძულ ზმეინზე სამხედროები ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს, ცოცხლები არიან.

„მოვითხოვთ რუსეთისგან, უკანონოდ დატყვევებული უკრაინის მოქალაქეების დაუყონებლივ გათავისუფლებას. მივმართავთ მსოფლიო თანამეგობრობას, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა გავლენა იქონიონ ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი სიცოცხლე - თუ ბავშვები იბადებიან თავშესაფრებში მაშინაც კი, როცა  დაბომბვა გრძელდება, მტერს ამ ომში არავითარი შანსი არ აქვს

უკრაინაში, საომარი მოქმედებების დროს, თავშესაფარში რამდენიმე ბავშვი დაიბადა. ემოციური ფოტოები სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა.

ფაქტს, ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკიც გამოეხმაურა:

„ჩვენ ვუწევთ ღირსეულ წინააღმდეგობას, დარწმუნებული ვარ ამას ახალ ამბებშიც ხედავთ. მე მინდა თქვენ მხოლოდ ერთი რაღაც გითხრათ: ჩვენ ვიბრძოლებთ იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება, იმისთვის, რომ გავათავისუფლოთ ქვეყანა. თუ ბავშვები იბადებიან თავშესაფრებში მაშინაც კი, როდესაც გრძელდება დაბომბვა, მტერს არ აქვს არავითარი შანსი ამ უდაოდ სახალხო ომში“- განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინა-ბელარუსის საზღვართან რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები

28 თებერვალს უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელსაც უკრაინულ მხარეს ეთნიკური ქართველი დავით არახამია, ხელმძღვანელობდა, ხოლო რუსულს - უკრაინელი მედინსკი.

რუსეთთან ომის პარალელურად უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 თებერვალს ხელი მოაწერა გაერთიანებაში გაწევრიანების განაცხადს.

დოკუმენტი სულ რამდენიმე წინადადებისგან შედგება და მასში წერია, რომ უკრაინა, როგორც ევროპული ქვეყანა, იზიარებს ევროკავშირის ხელშეკრულების მე-2 მუხლში ჩამოთვლილ ღირებულებებს (ადამიანურ ღირსებებს, თავისუფლებას, დემოკრატიას, თანასწორობას, კანონის უზენაესობას, უმცირესობების უფლებებს), ამიტომ აკეთებს განაცხადს გაწევრიანების თაობაზე.

ბოშებმა ტანკი და ჭურვი მოიპარეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გარდა, ქვეყანას იცავენ მშვიდობიანი მოქალაქეები და მათ შორის ბოშები. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა ბოშებმა რუსი დამპყრობლების ტანკი მოიპარეს.

კადიროვი დასავლეთს სანქციებით დაემუქრა და ვადა „31 თებერვლამდე" მისცა

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, დასავლეთის მიმართ სანქციების დაწესებით იმუქრება.  ინფორმაციას თავად კადიროვი ტელეგრამის ოფიციალურ არხზე ავრცელებს.

კადიროვი ჩეჩნეთის თავზე საჰაერო სივრცის ჩაკეტვით, ასევე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის რუბლის აქტივების გაყინვით იმუქრება.

კიდევ ერთი დეტალი: კადიროვი დასავლეთს შეცდომების გამოსასწორებლად ვადას 31 თებერვლამდე აძლევს.

ომის პარალერულად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერი აქციები მიმდინარეობს. 

უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლებმა. ისინი რუსულ ოკუპაციას გმობენ.

და ალბათ, რაც ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა რუსეთისთვის, ეს სანქციებია. დეტალურად, შეგიძლიათ, ნახოთ აქ.