ზელენსკიმ ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კირილ ბუდანოვი დანიშნა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფისის ხელმძღვანელის პოსტზე კირილ ბუდანოვი დანიშნა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს და ბუდანოვთან შეხვედრის ფოტოს ავრცელებს.

კირილ ბუდანოვი მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი იყო.

„შევხვდი კირილ ბუდანოვს და შევთავაზე მას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელობა. ახლა უკრაინას სჭირდება უფრო მეტი კონცენტრაცია უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების განვითარებაზე, ასევე მოლაპარაკებების დიპლომატიურ მიმართულებაზე, პრეზიდენტის ოფისი ემსახურება პირველ რიგში ჩვენი სახელმწიფოს ასეთი ამოცანების შესრულებას. კირილს აქვს სპეციალური გამოცდილება ამ მიმართულებებზე და საკმარისი ძალა შედეგების მისაღწევად“, – წერს ზელენსკი.

ზელენსკის თქმით, მან ასევე დაავალა პრეზიდენტის ოფისის ახალ ხელმძღვანელს რუსტემ უმეროვთან და სხვა საჭირო ხელმძღვანელებთან და ინსტიტუტებთან თანამშრომლობით განაახლოს, წარადგინოს დასამტკიცებლად უკრაინის თავდაცვისა და განვითარების სტრატეგიული საფუძვლები და შემდგომი ნაბიჯები.

შეგახსენებთ, აღნიშნულ პოსტს ანდრეი ერმაკი იკავებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ანტიკორუფციულმა ბიურომ მის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა, მან თანამდებობა დატოვა.