ვფიქრობ, ჩვენ დიპლომატიურ ურთიერთობებში საღი აზროვნების კონცეფცია დავკარგეთ - მარკო რუბიო

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია აპირებენ რუსეთი ჩინეთს გამოგლიჯონ ისე, როგორც ეს ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა „ცივი ომის“ დროს გააკეთა, როცა ჩინეთი საბჭოთა კავშირს მოსწყვიტა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

„არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ოდესმე სრულად დავაშოროთ ისინი [რუსები] ჩინეთს“, - თქვა რუბიომ კითხვის საპასუხოდ, ჰგავს თუ არა ტრამპის ძალისხმევა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ნიქსონის ცნობილ მომენტს, როცა ის ჩინეთში ჩავიდა, რათა საბჭოთა კავშირი მოეთოკა.

„მე ასევე არ ვფიქრობ, რომ რუსეთისა და ჩინეთის კავშირი კარგი იქნება გლობალური სტაბილურობისთვის, იმიტომ, რომ ისინი ორივე ბირთვული სახელმწიფოები არიან, მაგრამ მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციაში ვიმყოფებით, როცა რუსები სულ უფრო დამოკიდებულნი ხდებიან ჩინელებზე, ესეც ცუდი შედეგია, თუ ამას მეკითხებით“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა.

რუბიომ დასძინა, რომ აშშ-ის და ჩინეთის ურთიერთობები ასწლეულს ითვლის და ამიტომ საუკეთესო შედეგი როგორც რუსებისთვის, ასევე ამერიკელებისთვის იქნება ის, რომ რუსები „უმცროსი ძმის“ სახით მხოლოდ ჩინეთზე არ იყვნენ დამოკიდებულები.

„XXI საუკუნის დიდ მოვლენად აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობები იქნება“, - თქვა რუბიომ. „თუ რუსეთი გრძელვადიან პერსპექტივაში ჩინეთის უმცროსი ძმა იქნება, გამოვა, რომ ორი ბირთვული სახელმწიფო შეერთებული შტატების წინააღმდეგ გაერთიანდა. ათი, ან თუნდაც ხუთი წლის შემდეგ, თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, ჩვენ აღმოვჩნდებით სიტუაციაში, როცა რუსეთმა რომც მოინდომოს აშშ-თან ურთიერთობების გაუმჯობესება, ამას ვეღარ გააკეთებს, იმიტომ, რომ ის სრულად იქნება დამოკიდებული ჩინეთზე, რადგან ჩვენ ისინი უარვყავით. არ ვიცი, ეს კარგი შედეგი იქნება ჩვენთვის, თუ არა. ჩვენთვის უკეთესი იქნება, რომ ასეთი ურთიერთობები გვქონდეს. ჩვენ ჩინელებთან გვექნება კონკურენცია, შესაძლოა, პირდაპირი კონფრონტაცია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ არასამხედრო, რადგან ჩინელები თაღლითობითა და ქურდობით არიან დაკავებულნი, როცა საუბარი ვაჭრობასა და ეკონომიკას ეხება. ჩვენ გვექნება უთანხმოება რუსებთან, მაგრამ ორივე ქვეყანასთან უნდა გვქონდეს ურთიერთობები. ეს დიდი, ძლიერი სახელმწიფოები არიან, რომლებსაც ბირთვული მარაგები აქვთ. მათ გლობალურ მასშტაბში ძალის დემონსტრირება შეუძლიათ. ვფიქრობ, ჩვენ დიპლომატიურ ურთიერთობებში საღი აზროვნების კონცეფცია დავკარგეთ. დიპლომატიური ურთიერთობების ნაწილს მსოფლიოში სხვა ზესახელმწიფოებთან ურთიერთობა და პრობლემების მოგვარება წარმოადგენს, რათა ომსა და კონფლიქტს გავექცეთ. მაგრამ მე მგონია, რომ სიტუაცია, როცა რუსები ჩინეთის უმცროსი ძმის სახით მუდმივი პარტნიორები არიან, იძულებულნი არიან გააკეთონ ყველაფერი, რასაც ჩინეთი იტყვის, არ იქნებოდა კარგი რუსეთისთვის, ამერიკისთვის, ევროპისთვის და მსოფლიოსთვის“.