განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1740584957
თურქეთი საქართველოს განსაკუთრებული მეგობარია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ მეგობრობას და ძლიერ ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ურთიერთობები ღრმა შინაარსით არის დატვირთული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებულ სანიმუშო მეზობლობას და მეგობრობას აძლიერებს პოლიტიკური დიალოგი.
„პირველ რიგში, მადლობას გადაგიხდით ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სანიმუშო მეზობლობას და მეგობრობას აძლიერებს პოლიტიკური დიალოგი, უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები, ასევე მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა ის მნიშვნელოვანია შესაძლებლობებია, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად და საერთო ინტერესების განსახორციელებლად. თურქეთს ჩვენ ვხედავთ, როგორც უმნიშვნელოვანეს რეგიონულ მოთამაშეს, რომელსაც განსაკუთრებული როლი აქვს, როგორც გლობალური, ასევე რეგიონული მნიშვნელობის საკითხებში. აქედან გამომდინარე, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო თქვენი მოსაზრებების და პოზიციების მოსმენა ყველა იმ საკითხზე, რაც ჩვენს რეგიონზე ახდენს გავლენას. დღეს ჩვენს გარშემო ბევრი საკითხია, რომელთა გადაწყვეტაც მოითხოვს სიბრძნეს, სიფრთხილეს და დაუღალავ შრომას, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა, შევძლოთ ეკონომიკურ განვითარებაზე უფრო მეტად ფიქრი და ის პოტენციალი, რომელიც არსებობს, გამოყენებული იყოს ადამიანების უკეთესი ცხოვრების უზრუნველსაყოფად. ჩვენ დიდად ვაფასებთ სამმხრივ თანამშრომლობას, რაც გვაკავშირებს თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ათწლეულების განმავლობაში ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანმა ერთობამ ბევრი სასიკეთო პროექტის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. იმედი მაქვს, მომავალში მექნება შესაძლებლობა, გავაგრძელო თქვენთან მუშობა ამ ფორმატში და ერთად შევიტანოთ წვლილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებაში. მსურს, ხაზი გავუსვა თურქეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მისწრაფების კუთხით. ვისარგებლებ შესაძლებლობით და მადლობას მოგახსენებთ თქვენი ძალისხმევისათვის და მხარდაჭერისთვის ამ მიმართულებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, უკვე წლებია, თურქეთის რესპუბლიკა რჩება საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად და ეს ფაქტი კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნების პარტნიორობას.
„ისიც უნდა ვთქვათ, რომ ორივე ქვეყანას გვაქვს მეტი პოტენციალი და ჩვენი ძალისხმევა უნდა მივმართოთ ამ მიმართულებით ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისკენ, რათა მეტად გამოვიყენოთ არსებული პოტენციალი. ვისაუბრეთ ჩვენი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე. ერთობლივი პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა უნიკალურია თავისი მნიშვნელობით, განსაკუთრებით „შუა დერეფნის“ კონცეფციის გათვალისწინებით. ჩვენ შევძელით, განგვეხორციელებინა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის, ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის პროექტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნების როლსა და ფუნქციას ახალ განზომილებას სძენს. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა, თანამშრომლობა ახალი პროექტების განხორციელებისთვის, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს როლს და მნიშვნელობას უფრო ფართო რეგიონულ კონტექსტში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა თურქ კოლეგასთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ საქართველო მტკიცედ ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების იდეას და მზად არის, გააგრძელოს თავისი წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში.
„უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში ვისაუბრეთ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომის მესამე წლისთავზე და შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე, რაც საფრთხეს უქმნის ევროპისა და შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურას. ომის შეწყვეტას და სამშვიდობო შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ევროპული, განსაკუთრებით, რეგიონის უსაფრთხოების და სამომავლოდ მისი მშვიდობიანი განვითარების კუთხით. ჩვენ მივესალმებით თურქეთის ძალისხმევას, წვლილი შეიტანოს მხარეებს შორის დიალოგის შესაძლებლობის ძიებაში. მსურს აღვნიშნო, რომ დღევანდელმა შეხვედრამ დაადასტურა, რაოდენ მტკიცეა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და პოლიტიკური ნება, მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ჰაკა ფიდანი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.
განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1740584957