"ვერ ვხედავ ვერანაირ დაძაბულობას, ეს ხელოვნური დაძაბულობაა. ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ინსტიტუციურია და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული" - ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანი

საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 20:00 საათზე დაიხურება. კენჭისყრაში მონაწილეობს მოქმედი პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი და მისი პარტია. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა. ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრის „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელი, სამველ კარაპეტიანი, რომელსაც შინა პატიმრობა აქვს მისჯილი, „სომხეთის ალიანსი“და მისი ლიდერი, ასევე სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და გაგიკ წარუკიანის "სომხეთის კეთილდღეობა".

საარჩევნო უბანზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა მედიასთან რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა. ფაშინიანის განცხადებით, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები ურთიერთპატივისცემასა და ინსტიტუციურ თანამშრომლობას ეფუძნება. მისივე თქმით, მიუხედავად გარკვეული პოლიტიკური ძალების მცდელობისა, ერევანსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა არ იქმნება.

"ვერ ვხედავ ვერანაირ დაძაბულობას; ეს ხელოვნური დაძაბულობაა. ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ინსტიტუციურია და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული. სომხეთში მოქმედი ზოგიერთი ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში. ეს დაძაბულობა არ იქმნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან", - აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

ცნობისთვის, სომხეთში არჩევნები დაკავებებისა და ჩხრეკების ფონზე მიმდინარეობს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, დაკავებულია ერევნის ყოფილი მერი და ყოფილი მინისტრი, გაგიკ ბეგლარიანი, რომელიც ბრალდებულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ფულის გათეთრებაში. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს ასევე, ოპოზიციური პარტიის "ძლიერი სომხეთი" დეპუტატობის ექვსი კანდიდატი. უსაფრთხოების სამსახური დილიდან ჩხრეკას ატარებს "ძლიერი სომხეთის" შტაბ-ბინასა და ადამიანის უფლებათა დამცველ კარაპეტ პოღოსიანის ბინაშიც.

დაკავებულია დეპუტატობის კანდიდატი ჰასმიკ საჰრადიანიც. ძირითადი ბრალდება რამდენიმე პირის მატერიალურ წახალისებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას უკავშირდება. ამავდროულად ცნობილი ხდება, რომ სომხეთის ქალაქ გიუმრიში დილიდან ჩხრეკა და დაპატიმრებები დაიწყო. სულ სომხეთში დაკავებულია ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებული 100-მდე პირი.