1780775186
14 წლის შვილზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა - რა არის ამ დროისთვის ცნობილი საქმეზე
კახეთში 14 წლის შვილზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.
ბრალდებულის დაცვის მხარე სასამართლოს 5000-ლარიანი გირაოს გამოყენებას სთხოვდა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის პოზიცია არ გაიზიარა.
გამოძიების მასალების მიხედვით, მამაკაცი თავდაპირველად ოჯახური ძალადობის, მუქარისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების პროცესში მისმა 14 წლის შვილმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ბიოლოგიური მამის მხრიდან წლების განმავლობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. ბრალდებული ბრალს ნაწილობრივ, მხოლოდ ოჯახური ძალადობის ნაწილში აღიარებს და შვილზე ძალადობას არ ეთანხმება.
გოგონას შესაბამისი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტიზის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი, რასაც ფაქტის კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
საქმეზე გამოძიება ოჯახური ძალადობის, მუქარის, სხვისი ნივთის დაზიანებისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე მიმდინარეობს












