USAID-ის ვებგვერდი გაითიშა

USAID

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საგარეო დახმარების გაყინვის ფონზე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებგვერდი გაითიშა. როგორც CNN-ი წერს, მომხდარს, ამ ეტაპზე, ახსნა-განმარტება არ მოჰყოლია.

"ვებგვერდი მიუწვდომელია" - ვკითხულობთ სააგენტოს გვერდზე გამოტანილ ერთადერთ შეტყობინებაში. ვებგვერდის გარდა, გათიშულია USAID-ის სოციალური ქსელი X-იც.

ცოტა ხნის წინ, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა, X-ზე დაწერა, რომ USAID-ი კრიმინალური ორგანიზაციაა. იქამდე, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა "დემოკრატიის ეროვნული ფონდი" (NED) თაღლითობასა და კორუფციაში დაადანაშაულა.

 

ბოლო დროს დემოკრატები სულ უფრო მწვავედ აკრიტიკებენ ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას. მათი თქმით, ტრამპს არ აქვს უფლებამოსილება, გააუქმოს კონგრესის მიერ დაფინანსებული სააგენტო და ხაზს უსვამენ, რომ USAID-ის მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოებისთვის.