უნგრეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონს, რომელიც ლგბტ თემს პრაიდის გამართვას უკრძალავს

უნგრეთის პრეზიდენტი

უნგრეთის პრეზიდენტმა, ტამაშ სულიოკმა ხელი მოაწერა მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონს, რომელიც ლგბტ თემს პრაიდის გამართვას უკრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

პარლამენტის მიერ აღნიშნული კანონის დამტკიცებას გუშინ ბუდაპეშტში საპროტესტო აქცია მოჰყვა.

კანონი ითვალისწინებს პრაიდის აკრძალვას იმ მოტივით, რომ ის, შეიძლება, ბავშვებისთვის საზიანოდ ჩაითვალოს. წარდგენილი ინიციატივა ითვალისწინებს შესწორებების შეტანას შეკრების თავისუფლების კანონში. შესწორების თანახმად, იკრძალება ისეთი შეკრება, რომელიც არღვევს ბავშვთა დაცვის კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებს. აკრძალულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა დაახლოებით 550 დოლარის ოდენობით.

კანონი ხელისუფლებას ასევე აძლევს უფლებას, გამოიყენონ სახის ამომცნობი ელექტრონული პროგრამები აკრძალული ღონისძიებების მონაწილეთა იდენტიფიცირებისთვის. მანამდე ახალი კანონის გამო შეშფოთება გამოთქვა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ოფლაერტიმ და უნგრეთის პრეზიდენტს მასზე ვეტოს დადებისკენ მოიწოდა.

უნგრეთის დედაქალაქის ლიბერალმა მერმა, გერგელი კარაჩონიმ ასევე გააკრიტიკა საკანონმდებლო ცვლილება და განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ბუდაპეშტში პრაიდი იქნება ისეთი მასშტაბური, როგორც არასდროს. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მსვლელობის გამართვას წელს მაინც აპირებენ.