უკრაინასთან მოლაპარაკებები წიაღისეულის შეთანხმებაზე მიმდინარეობს, თუმცა ხელმოწერის დრო დადგენილი არ არის - კაროლინ ლევიტი

კაროლინ ლევიტი

ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელი განცხადება პოზიტიური წინ გადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა. ლევიტი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც ზელენსკი ამბობს, რომ „ის და მისი გუნდი მზად არიან, იმუშაონ დონალდ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, მუდმივი მშვიდობის მისაღებად“.

თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, „ეს შეიძლება იყოს მხოლოდ სწორი მიმართულებით სვლა“.

ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღდგენას, ლევიტმა თქვა: „ეს არის პაუზა განხილვისთვის“.

„ისინი განიხილავენ უკრაინის დაფინანსებას. ეს არის პაუზა განხილვისთვის. მოლაპარაკებები წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაზე მიმდინარეობს ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, თუმცა არ არის დადგენილი, როდის შეიძლება, მოხდეს მისი ხელმოწერა”,- განაცხადა ლევიტმა.

ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანმა არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეჩერებასთან დაკავშირებით.

„მე მჯერა, რაც მითხრა ეროვნული უშიშროების საბჭომ ამასთან დაკავშირებით. უკრაინისთვის დახმარება შეჩერებულია ან გადახედვის პროცესშია, ხოლო რაც შეეხება სადაზვერვო საკითხებს, მე გადაგამისამართებთ ეროვნულ უშიშროების საბჭოსთან”,- განაცხადა ლევიტმა.