1783343393
უჯრაში მივიწყებული 40-წლიანი საიდუმლო - რას მალავდა ანტარქტიდაზე ნაპოვნი უცნაური ნამარხი
უჯრაში მივიწყებული 40-წლიანი საიდუმლო -ანტარქტიდაზე ნაპოვნი უცნაური ნამარხი გიგანტური დინოზავრის ძვალი აღმოჩნდა!
ზოგჯერ უდიდესი სამეცნიერო აღმოჩენები წლების განმავლობაში პირდაპირ ჩვენს ცხვირწინ, არქივების თაროებზე ინახება. ჟურნალ Acta Palaeontologica Polonica-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ძვალი, რომელიც 1985 წლიდან ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევის პროგრამის არქივში, უჯრაში იდო შეუსწავლელი, რეალურად ანტარქტიდაზე ნაპოვნი დინოზავრის პირველი ნამარხია!
1985 წელს გეოლოგებმა მაიკლ ტომსონმა და რაინჰარდ ფერსტერმა ჯეიმს როსის კუნძულზე მუშაობისას დიდი ზომის მალა იპოვეს. ჩანაწერებში მიუთითეს, რომ ის დიდ რეპტილიას ეკუთვნოდა, თუმცა დეტალური ანალიზის გარეშე ნიმუში არქივში მოათავსეს.
ახლახან, 40 წლის შემდეგ, პალეონტოლოგმა მარკ ევანსმა ძვალი ხელახლა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ ეს არის გვიანდელი ცარცული პერიოდის ზავროპოდის (კონკრეტულად კი ევტიტანოზავრების კლადის) კუდის ზედა ნაწილის ძვალი. ტიტანოზავრები დედამიწაზე ყველაზე დიდი დინოზავრები იყვნენ, თუმცა ეს კონკრეტული ნიმუში შედარებით პატარაა, რაც მიუთითებს, რომ ის ახალგაზრდა ინდივიდი იყო.
ძვალს ცალ მხარეს ჩაზნექილი, მეორე მხარეს კი ამოზნექილი უნიკალური სტრუქტურა აქვს, რის გამოც ის ლითოსტროტინ ტიტანოზავრებს მიაკუთვნეს (საოცრად ჰგავს არგენტინულ სახეობა Muyelensaurus pecheni-ს).
ანტარქტიდა დინოზავრების ნამარხების სიმცირით „ლიდერობს“ კონტინენტებს შორის (სულ 15 ძვალია ნაპოვნი), რაც მხოლოდ იმით აიხსნება, რომ მისი ზედაპირი ყინულითაა დაფარული. ეს ხელახლა აღმოჩენილი ნიმუში მეცნიერებს დაეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ გადაადგილდებოდნენ და იფანტებოდნენ ცხოველები უძველეს სუპერკონტინენტ გონდვანაზე, რომლის ნაწილსაც მაშინდელი მწვანე ანტარქტიდაც წარმოადგენდა.











