უიშვიათესი შემთხვევა - ქალის ტვინში უცნაური პარაზიტები აღმოაჩინეს, რომლებიც ნერვულ სისტემას აზიანებდნენ

ქალის ტვინი

30 წლის ქალს შეერთებულ შტატებში ექიმებმა უთხრეს, რომ მას ტვინში პარაზიტები ჰყავდა. ეს მას შემდეგ, რაც ქალმა ექიმებს ფეხებში მწვავე წვის შეგრძნებით მიმართა.

როგორც ჩანს, ჭიები ქალის ტვინში აზიაში მოგზაურობისას აღმოჩნდნენ.

ქალის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მოხვედრილი დაუპატიჟებელი სტუმრები იქ 12 დღე შეუმჩნევლად იმყოფებოდნენ. მხოლოდ ორი კვირის შემდეგ იჩინა თავი იმუნურმა პასუხმა, რომლის დიაგნოსტირებას კიდევ ერთი კვირა დასჭირდა.

რამდენიმე დღის განმავლობაში ქალის ფეხები მწარე ტკივილმა მოიცვა. საბოლოოდ ეს თავის ტკივილშიც გადაიზარდა, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტებიც კი ვერ ამსუბუქებდა.

პირველადმა ანალიზმა მხოლოდ დაავადების წინააღმდეგ მებრძოლი სისხლის თეთრი უჯრედების ზომიერი ზრდა გამოავლინა. განუწყვეტელი დისკომფორტისა და მაღალი სიცხის შემდეგ, ქალი ამჯერად სხვა საავადმყოფოში წავიდა.

ინტრავენური ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ, ქალს თავის ტკივილი შეუმცირდა და შედეგად საავადმყოფოდან გაწერეს.

და მაინც, სახლში დაბრუნების შემდეგ, სიმპტომები მალევე დაუბრუნდა.

„პაციენტის თავის ტკივილი და მუდმივი ცხელება ენცეფალიტზე მიანიშნებდა. გაჩნდა ეჭვი, რომ ქალის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სერიოზული ინფექცია იყო", - განმარტა ინფექციონისტმა, ჯოზეფ ზუნტმა.

სისხლის ანალიზმა პარაზიტების კვალი არ აჩვენა. ვერც თავის ქალას სკანირებით გამოჩნდა რაიმე. მიუხედავად ამისა, როდესაც სამედიცინო პერსონალმა ზურგის ტვინის სითხის ნიმუშები აიღო, აღმოჩნდა, რომ იქ ეოზინოფილური მენინგიტის მარკერები იყო. ეს ტვინის ინფექციის იშვიათი ფორმაა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს პარაზიტებით.

პაციენტის ბოლო მოგზაურობიდან გამომდინარე, ქალის ექიმები ანგიოსტრონგილიოზის დიაგნოზამდე დავიდნენ. ეს დაავადება ასევე ცნობილია როგორც ვირთხის ფილტვის ჭია, რადგან ის გამოწვეულია პარაზიტი Angiostrongylus cantonensis-ისგან, რომელიც თავის სასიცოცხლო ციკლს მღრღნელების ფილტვებში იწყებს. უკვე ამის შემდეგ მოლუსკებსა და ლოკოკინებში ვრცელდება.

ასეთი პარაზიტი ადამიანში იმ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ის დაუმუშავებელ ლოკოკინას ან მოლუსკს შეჭამს. მეტიც, შეიძლება ადამიანმა შეჭამოს ბოსტნეული, რომელზეც ეს არსებები მოძრაობენ და თავის ლავრებს ტოვებენ. 

როდესაც პარაზიტები აინფიცირებენ ადამიანის სხეულს, მათ შეუძლიათ მიგრაცია ფილტვის არტერიებში, საიდანაც ხვდებიან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და საფრთხეს უქმნიან მასპინძლის სიცოცხლეს. 

საბედნიეროდ, ქალის გადარჩენა მოხერხდა. მას მედიკამენტების ორკვირიანი კურსი ჩაუტარდა. კომბინირებული მკურნალობის შემდეგ პაციენტის სიმპტომები შემცირდა და საავადმყოფოში ყოფნის მეექვსე დღეს მან სახლში დაბრუნება შეძლო.